ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარა აქტიური იყო და მომენტები შექმნა | პარი სენ-ჟერმენის სენსაციური მარცხი

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა გამართა. „ატლეტიკოს“ განადგურების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელის გუნდი „ბოტაფოგოს“ დაუპირისპირდა და მატჩი ბრაზილიელთა გამარჯვებით დასრულდა - 1:0.

შეხვედრა პარიზელთა უპირატესობით დაიწყო და პირველი მომენტი „კვარას“ შეექმნა. 24 წლის გარემარბმა კარგად ითამაშა და ბრაზილიელთა კარისკენ დაარტყა, მაგრამ „ბოტაფოგოს“ მეკარე, ჯონი მოწოდების სიმაღლეზე იყო. მეექვსე წუთზე, ხვიჩამ კიდევ ერთხელ დაარტყა, ამჯერად არაზუსტად.

ლუის ენრიკეს ბიჭები უდიდეს სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ 36-ე წუთზე, გოლი გაუშვეს. იგორ ჟეზუშის დარტყმის შემდეგ, ბურთი ვილიამ პაჩოს მოხვდა და ჯანლუიჯი დონარუმამ საკუთარი გუნდი ვერ გადაარჩინა - 1:0.

მეორე ტაიმში, „პარი სენ-ჟერმენს“ დიდი სათამაშო უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ „ბოტაფოგო“ თავს შესანიშნავად იცავდა. გონსალუ რამუშმა კარგი მომენტი მიიღო, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. 56-ე წუთზე, ენრიკემ ოთხმაგი ცვლილება გამოიყენა და ერთ-ერთი, ვინც მოედანზე შეიყვანა, ბრედლი ბარკოლა იყო. ბარკოლას შესვლის შემდეგ, კვარაცხელია ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე გადავიდა. 79-ე წუთზე, ბარკოლამ გაიტანა, მაგრამ ხვიჩა თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა და თავად ბრედლიც მცველებზე წინ იყო.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე, კვარაცხელიამ ჯარიმა დაარტყა და ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა. ბოლო წუთზე, „კვარას“ მომენტი ჰქონდა, მაგრამ მცველებმა დაუბლოკეს და საბოლოოდ, „ბოტაფოგომ“ მინიმალური ანგარიშით მოიგო.

ცნობისთვის, ლუის ენრიკეს გუნდს 3 ქულა დარჩა და ამ მომენტისთვის, მეორე ადგილზე იმყოფება. ბოლო ტურში, პარიზელთა მეტოქე „სიეტლ საუნდერსია“, რომელსაც 23 ივნისს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მაშინაც ვერ იგებს, როცა მე იქ არ ვარ“ - რინერი თუშიშვილზე
„მაშინაც ვერ იგებს, როცა მე იქ არ ვარ“ - რინერი თუშიშვილზე