კაშია სლოვანში რჩება? კაპიტანმა გუნდთან ერთად შეკრება დაიწყო
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ, რომელსაც „სლოვანთან’’ კონტრაქტი 30 ივნისამდე აკავშირებს, ბრატისლავურ კლუბთან ერთად ახალი სეზონისთვის მზადება ავსტრიაში დაიწყო.
ცნობილი სლოვაკური გამოცემა Sport Aktuality „სლოვანის’’ აღმასრულებელი დირექტორის, ივან კმოტრიკის კომენტარს აქვეყნებს, რომელიც ცოტა ხნის წინ გააკეთა: „ვლადთან (უმცროსი ვლადიმირ ვაისი) და გურამთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. ყველა ალტერნატივას განვიხილავთ. წნეხის ქვეშ არ ვართ, რადგან მათთან კონტრაქტი 30 ივნისამდე გვაკავშირებს. გადაწყვეტილების მისაღებად დრო გვაქვს’’.
38 წლის იურაი კუცკას გუნდიდან წასვლის შემდეგ კაშია „სლოვანის’’ ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, 4 ივლისს 38 წლის გახდება.
2021 წლის ზაფხულიდან გურამ კაშია „სლოვანის’’ ფეხბურთელია, ზედიზედ ოთხჯერ სლოვაკეთის ჩემპიონი გახდა. გასულ სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში 26 მატჩში 2 გოლი გაიტანა, 26-დან 13-ში გუნდის კაპიტანი იყო. ასევე, გასულ სეზონში UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფაზაში ითამაშა, ყველა მატჩში სასტარტოში იყო, 8-დან სამ შეხვედრაში გუნდს უკაპიტნა.
ფოტოზე ვლადიმირ ვაისთან ერთად კლუბის აღმასრულებელი დირექტორი ივან კმოტრიკია.