ინიაკის ზეწოლა გრძელდება - ძმა ნიკოს ტრანსფერს აფერხებს
ერთი წლის წინ ნიკო უილიამსის „ბილბაოდან“ „ბარსელონაში“ გადასვლის ყველაზე დიდი წინააღმდეგი ინიაკი იყო, რომელმაც იმდენი ქნა, რომ უმცროსი ძმა „ატლეტიკში“ დარჩენაში დაარწმუნა. ამჯერადაც მსგავსი სიტუაციაა შექმნილი, თუმცა როგორც კატალონიური Sport-ი იუწყება, ნიკოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი „ბლაუგრანაში“ კარიერის გაგრძელება და მის სურვილზე ვერანაირმა რჩევებმა ზეგავლენა ვეღარ უნდა მოახდინოს.
როგორც ირკვევა, ინიაკი უილიამსი „ბილბაოს“ ხელმძღვანელებთან ერთად, ნიკოს არწმუნებს იმაში, რომ ბასკურ კლუბს აქვს ფინანსური შესაძლებლობა საიმისოდ, რომ იმაზე მეტი ხელფასი შესთავაზოს, ვიდრე „ბარსელონა“ გადაუხდის, თუმცა ესპანეთის ნაკრების გარემარბს კატალონიურ გრანდში წასვლა მხოლოდ კარიერული წინსვლისთვის სჭირდება და მისთვის ფულს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ტრანსფერს კიდევ უფრო რეალურს ხდის ლამინ იამალის ფაქტორიც, რომელიც ნიკოს საუკეთესო მეგობარია.
ცნობისათვის, გასულ სეზონში „ბილბაოს“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 45 შეხვედრაში ნიკო უილიამსმა თავი 11 გოლითა და 7 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.