„კვარაცხელიაზე სიტყვები ზედმეტია“ | ტერაჩიანოს არაფერი გაჰკვირვებია
„ფიორენტინა“ – „ნაპოლის“ (2:2) მატჩის დასრულების შემდეგ როგორც იტალიური სპორტული მედიის, ასევე შეხვედრის მონაწილე ფეხბურთელების მთავარი სალაპარაკო თემა ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ბრწყინვალედ შესრულებული საჯარიმო დარტყმა იყო, რომლითაც მან პიეტრო ტერაჩიანოს შანსი არ დაუტოვა. კვარას სტანდარტზე კომენტარის გაკეთება ჟურნალისტებმა თავად „ვიოლას“ 31 წლის გოლკიპერსაც სთხოვეს და მისგან ასეთი შეფასება მიიღეს.
რა თქვა ტერაჩიანომ
კვარაცხელიას სათამაშო კლასსა და მის ამ დარტყმაზე სიტყვები და კომენტარი ზედმეტია. შემეძლო თუ არა ამ დარტყმის მოგერიება? მოდით, ამ შეკითხვას უპასუხოდ დავტოვებ, ან ჩემი პასუხი ის იქნება, რომ ხვიჩა უმაღლესი დონის მოთამაშეა. რა თქმა უნდა ბევრი შეიძლება უკმაყოფილო იყოს დაფიქსირებული შედეგით, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ იტალიის შარშანდელ ჩემპიონს ვეთამაშებოდით, რომელიც ყველაზე რთული სიტუაციიდანაც გამოსავალს პოულობს.
ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები წლევანდელ სერია A-ს მომდევნო შაბათ-კვირას „ლეჩესთან“ საშინაო თამაშით დაასრულებენ, თუმცა სასწაული თუ არ მოხდა, იტალიის შარშანდელი ჩემპიონები წელს ევროსაგზურის გარეშე დარჩებიან.