ერთ-ერთი საუკეთესო თავის გუნდში | როგორ შეაფასეს კვარა სტატისტიკურმა სააგენტოებმა
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე დამარცხდა. ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, ქართველი ფეხბურთელის გუნდი „ბოტაფოგოს“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით წააგო.
კვარაცხელია აქტიური იყო და გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდა. ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ, Sofascore-მა მისი გამოსვლა 7.8 ქულით შეაფასა, რაც ვიტინიას შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. Whoscored-ს რაც შეეხება, აღნიშნულმა პლატფორმამ „კვარას“ 6.9 ქულა დაუწერა (საუკეთესო მაჩვენებელი პსჟ-ის რიგებში).
„ბოტაფოგოს“ წინააღმდეგ ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა. ხვიჩამ მეტოქის კარისკენ ხუთჯერ დაარტყა. ერთხელ მეკარემ აუღო, ორჯერ დაუბლოკეს, ორჯერ - ააცილა. კვარაცხელია ბურთს 71-ჯერ შეეხო, 3-დან 2 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა და 47-დან 40 ზუსტი გადაცემა გააკეთა. 24 წლის გარემარბმა 12-დან 7 ორთაბრძოლა მოიგო და 1 საკვანძო გადაცემა მიითვალა.
ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენს“ 3 ქულა აქვს და ბოლო შეხვედრას „სიეტლ საუნდერსის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 23 ივნისს, თბილისის დროით, 23:00-ზე არის ჩანიშნული.