„ჩვენ შორის კონკურენცია მხოლოდ მოედანზე იყო“ - მესიმ კრიშტიანუზე ისაუბრა
„ინტერ მაიამის“ კაპიტანმა, ლიონელ მესიმ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე „პორტუსთან“ მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა. ერთ-ერთი კითხვა მასსა და პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს შორის კონკურენციას ეხებოდა.
რა თქვა მესიმ:
„კრიშტიანუ რონალდუს მიმართ დიდი პატივისცემითა და აღტაცებით ვარ განწყობილი. ამის მიზეზია ის შესანიშნავი კარიერა, რომელიც მას ჰქონდა და ჯერ კიდევ აქვს, იმიტომ რომ ის აგრძელებს უმაღლეს დონეზე თამაშს.
ჩვენ შორის კონკურენცია მხოლოდ მოედანზე იყო. ორივე ჩვენგანს თავისი გუნდისთვის საუკეთესო სურდა. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ყველაფერი მხოლოდ მოედანზე რჩებოდა.
მოედნის მიღმა ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. რა თქმა უნდა, მეგობრები არ ვართ, იმიტომ რომ დროს ერთად არ ვატარებთ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ ყოველთვის დიდი პატივისცემა გვქონდა“.
ცნობისთვის, „ინტერ მაიამიმ“ „პორტუს“ 2:1 მოუგო. გადამწყვეტი გოლი კი სწორედ მესიმ, საჯარიმო დარტყმით გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ „ინტერ მაიამი“ გახდა ისტორიაში პირველი ჩრდილოამერიკული გუნდი, რომელმაც ევროპულ გუნდს ოფიციალურ ტურნირზე მოუგო.