მაშერანო: მესიმ პორტუსთან ტრავმით ითამაშა, ეს სიგიჟე იყო
„ინტერ მაიამის“ მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ მაშერანომ, „პორტუსთან“ გამარჯვების (2:1) შემდეგ, პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლეო მესიმ შეხვედრა ტრავმით ითამაშა. „ლა პულგას“ ტკივილები ტურნირის პირველივე დღიდან აწუხებს, თუმცა მიუხედავად ამისა მოედანზე მაინც გადის.
„ლეო მესი ტრავმის მიუხედავად თამაშობდა. ოთხთავა კუნთის დაზიანება აქვს, რომლითაც მოედანზე გასვლა და სირბილი უბრალოდ სიგიჟეა, ეს ძალიან მტკივნეულია. მატჩამდე ლეოს თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იყო.
ის არის ფეხბურთელი, რომელიც გვაჩვენებს, როგორ ვიბრძოლოთ, ის ჯერ კიდევ მშიერია და სურს თამაში გააგრძელოს.
ბოლო წუთებშიც დაღლილი, ფეხებზე ჩალურჯებების მიუხედავად ცდილობდა გუნდს ყველანაირად დახმარებოდა - შეტევაშიც და დაცვაშიც, შედეგის მიღწევაში. ლეო გუნდს ბიძგს აძლევს.
ვიცით, რომ მისი ყოფნა უპირატესობას გვაძლევს. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ის გვეხმარება თავისი დამოკიდებულებით, თავისი გამარჯვებული სულით, რომელიც გადამდებია“.
- განაცხადა მაშერანომ.
ორი ტურის შემდეგ, „ინტერ მაიამი“ A ჯგუფს 4 ქულით „პალმეირასთან“ ერთად ლიდერობს. ბოლო ტურში მაშერანოს გუნდი სწორედ ბრაზილიურ კლუბს ხვდება და მერვედფინალში გასვლის კარგი შანსიც აქვს.
