კომოს ხელმძღვანელობის მაგარი ინიციატივა | ასაკოვან ფანებს ადგილებს უთმობენ
„კომო“ ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო შეხვედრას 10 სექტემბერს გამართავს. იტალიური კლუბი საშინაო არენაზე, რომელსაც ზაფხულში რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ადგილების რაოდენობა შემცირდა, „ლაიფციგს“ დაუპირისპირდება და მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
„სტადიო ჯუზეპე სინიგალიას“ ტევადობა 13 602 მაყურებელია და ისტორიული მატჩის წინ ბილეთები ელვის სისწრაფით გაიყიდა. გულშემატკივართა ნაწილი უბილეთოდ დარჩა, რის გამოც „კომოს“ ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, მათთვის შეხვედრაზე დასწრების საშუალება მაინც მიეცათ.
„ყველა ბილეთი გაყიდულია. შემცირებული ტევადობისა და ბილეთების შეზღუდული რაოდენობის გამო, სამწუხაროდ, ყველა სტადიონზე ვერ მოხვდება. სწორედ ამიტომ, კლუბის რამდენიმე ხელმძღვანელმა და მათ შორის მეც, გადავწყვიტეთ, ჩვენი ადგილები ქომაგებს დავუთმოთ.
გვინდა, ეს ადგილები იმ ფანებს გადავცეთ, რომლებიც ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში გველოდებოდნენ — ადამიანებს, რომლებიც 1950 წელს ან უფრო ადრე დაიბადნენ და „კომოს“ ყველა ჩემპიონატსა თუ ეპოქაში გულშემატკივრობდნენ. თუ იცნობთ „კომოს“ ასაკოვან ფანს, რომელიც 1950 წელს ან უფრო ადრე დაიბადა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ“, — განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა, მირვან სუვარსომ.
ცნობისთვის, „ლაიფციგის“ გარდა, „კომო“ საშინაო არენაზე „მანჩესტერ იუნაიტედს“, „აეკსა“ და ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდება.