თითქმის მილიონ ევროს გადაიხდიან | რატომ დასაჯა პრემიერ ლიგამ სიტი
ინგლისის პრემიერ ლიგამ „მანჩესტერ სიტი“ დასაჯა. ოფიციალური განცხადების მიხედვით, 2024/25 წლების სეზონში ჩადენილი დარღვევების გამო, პეპ გუარდიოლას გუნდს 800 000 გირვანქა სტერლინგის (937 000 ევრო) გადახდა მოუწევს.
„მანჩესტერ სიტიმ“ წესი L.33-ი დაარღვია. პრემიერ ლიგის მიერ შემუშავებული წესებით, გუნდები მეორე ტაიმის დასაწყებად, მოედანზე პუნქტუალურად უნდა გამოცხადდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯებიან. „ქალაქელებმა“ ეს წესი 9-ჯერ დაარღვიეს.
Daily Mail-ის ინფორმაციით, პირველ ჯერზე „სიტი“ 40 000 გირვანქა სტერლინგით დაჯარიმდა. როდესაც „ქალაქელებმა“ დამოკიდებულება არ გამოასწორეს, პრემიერ ლიგამ გუნდი კიდევ 8-ჯერ დააჯარიმა, ბოლო ჯერზე - 190 000 გირვანქა სტერლინგით.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს და პირველ შეხვედრაში „ვიდადს“ 2:0 მოუგო. „ქალაქელები“ პრემიერ ლიგის ახალ სეზონს 16 აგვისტოს გახსნიან და სტუმრად „ვულვზს“ დაუპირისპირდებიან.