„იმედია, საჩემპიონო ბრძოლას ამის შემდეგ მივიღებ“ - მერაბ დვალიშვილი
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი ESPN-ს ჰენრი სეხუდოსთან გასამართ ბრძოლაზე ესაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ამჯერად მაინც მიიღებს საჩემპიონო ბრძოლას.
რას ამბობს დვალიშვილი:
ჩემი მომდევნო მეტოქე ნამდვილად ჰენრი სეხუდო იქნება. ეს არის, რაც შემომთავაზეს და მეც დავთანხმდი. მზად ვარ, ყოველდღე ვვარჯიშობ. ხელის ტრავმის შემდეგ როგორც იქნა თავს კარგად ვგრძნობ. 100%-ით მზად არ ვარ, თუმცა, ვვარჯიშობ, სპარინგ პარტნიორებთან ვჩხუბობ და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ბრძოლას მზადყოფნაში შევხვდე. ხელიც კარგად მაქვს. ვარჯიში არასდროს შემიწყვეტია, დავრბოდი, ვცურავდი და ა.შ. რა თქმა უნდა, თავიდან რთული იყო, რადგან ამ ხელით ვერაფერს ვწევდი, მაგრამ სხვა რამეს ვაკეთებდი. ბოლო სამი თვის განმავლობაში კი ამ ხელითაც დავიწყე ვარჯიში.
ჩემი სტილი ოლიმპიურ ჩემპიონთან? მას დიდ პატივს ვცემ, ისევე როგორც ყველა მოწინააღმდეგეს. ჰენრი სეხუდო დიდებული ჩემპიონია და იყო მანამდე, სანამ ალჯო დაამარცხებდა. ნამდვილად, ეს ჩემთვის დიდი ტესტი იქნება. ვიტყოდი, რომ ტესტი აღარ მჭირდება, რადგან ზედიზედ 9 მოგება მაქვს და ყველა მებრძოლი დავამარცხე, რომელიც წინ დამიყენეს, ამის გამო ვფიქრობ, რომ საჩემპიონო ბრძოლას ვიმსახურებ, მაგრამ მათ კიდევ ერთი ტესტი მომცეს ჰენრი სეხუდოს სახით. ამისთვის მაინც მადლობელი ვარ. ახლა ის უნდა დავამარცხო, ჩემი საუკეთესო გავაკეთო და იმედი მაქვს, რომ საჩემპიონო ბრძოლას ამის შემდეგ მაინც მივიღებ. ვინც არ უნდა იყოს „ჩიტო“ ვერასა და შონ ომალის შორის გამარჯვებული, ნებისმიერთან ვიბრძოლებ.
ჩემი პროგნოზი? იმედი მაქვს, ომალი მოიგებს, რადგან მასთან ბრძოლა მინდა, სუპერვარსკვლავია. მას ჯერ კიდევ 2018 წელს ვიწვევდი, როდესაც მოსკოვში ჩემი პირველი ბრძოლა მოვიგე. შესაძლოა, ის კარგი ბიჭი და კარგი მებრძოლია, მაგრამ მასთან ბრძოლა და საკუთარი თავის კიდევ ერთხელ გამოცდა მინდა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ESPN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს ბრძოლა UFC 298-ზე გაიმართება. ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა, თუ ამერიკულ გამოცემას დავუჯერებთ, დვალიშვილის ბრძოლა 17 თებერვალს, ილია თოფურიას საჩემპიონო ქარდზე შედგება. ამავე დღეს, ქვემსუბუქი წონის ქართველი მებრძოლი ქამრისთვის ბრძოლაში ავსტრალიელ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება.