„ჩემპიონს ჩემი ეშინია, მსაჯები დაეხმარნენ“ | რა თქვა ალდომ დვალიშვილზე
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ჟოზე ალდომ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედ ჩემპიონზე, მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. ალდომ „მანქანასთან“ გამართული პირველი ორთაბრძოლა გაიხსენა და განაცხადა, რომ მერაბს მისი ეშინია.
„თუ უმაღლეს დონეზე ვარ და მაქვს ის, რაც ჩემპიონობისთვისაა საჭირო, ჩემთან ჩხუბი მოქმედ ჩემპიონსაც აშინებს. მან იცის, რომ პირველი ორთაბრძოლა ძალიან რთული იყო და მსაჯები დაეხმარნენ. ყველამ იცის, რა შემიძლია. მეც ვიცი, რა უნარები მაქვს, რადგან ვარჯიშებზე ვხედავ, ახალგაზრდა მებრძოლებს მაგრად როგორ ვცემ“.
შეგახსენებთ, რომ ალდოსა და დვალიშვილის დაპირისპირება 2022 წლის აგვისტოში გაიმართა. ჩხუბი სამრაუნდიანი იყო და „მანქანამ“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა. ორმა მსაჯმა მერაბს 2 რაუნდი მისცა, ერთმა - სამივე.
ალდო ოქტაგონზე მომდევნო უქმეებზე დაბრუნდება. თბილისის დროით, 11 მაისს, ლეგენდარული ბრაზილიელი მებრძოლი აიემან ზაჰაბის დაუპირისპირდება. ალდოს კარიერაში 41 ორთაბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 32 გამარჯვებაა.