„უდიდესი პოტენციალი აქვს“ | დიეგო ალვეშმა მამარდაშვილი შეაქო
„ვალენსიას“ ყოფილმა მეკარემ, დიეგო ალვეშმა გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა. ბრაზილიელმა გოლკიპერმა „მამარდა“ შეაქო და განაცხადა, რომ მას კიდევ უფრო დიდი პროგრესის მიღწევა შეუძლია.
„გიორგი მამარდაშვილი არის ფეხბურთელი, რომელიც ბოლო წლებში, ძალიან გაიზარდა. მას ვესაუბრები და გიორგის ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. მამარდაშვილს შეუძლია, ზრდა გააგრძელოს და ძალიან მაღალ დონეს მიაღწიოს.
ვფიქრობ, ვალენსიას კარი კარგადაა დაცული. ეს მარტივი არაა, რადგან ღამურებში თამაში დიდი წნეხია. წარმატებისთვის თავდაუზოგავი შრომაა საჭირო, მაგრამ პროფესიონალი ფეხბურთელები სწორედ ამისთვის ხდებიან“.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე, 4 ტურია დარჩენილი. „ვალენსიას“ 42 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციას იკავებს. „ღამურებს“ ევროტურნირებზე გასვლა შეუძლიათ და მერვეადგილოსან „რაიო ვალეკანოს“ 2 ქულით ჩამორჩებიან.
მამარდაშვილს რაც შეეხება, ქართველ მეკარეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, 30 მატჩი აქვს ჩატარებული და კარი მშრალად 7-ჯერ შეინახა. გიორგიმ 45 გოლი გაუშვა და 79 ბურთი მოიგერია.