გრემიოში სკოლარის ასისტენტი იყო | სამგურალს ბრაზილიელი გაწვრთნის
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის წყალტუბოს „სამგურალის’’ მთავარ მწვრთნელად 40 წლის ბრაზილიელი სპეციალისტი ტიაგუ გომეში დაინიშნა. კლუბთან კონტრაქტი დღეს გააფორმა. მას თანამემამულე ფაბიანო კარვალიო დაეხმარება. „სამგურალის'' პრესსამსახურის ცნობით, ბრაზილიელი სპეციალისტები საქართველოში 7 მაისს ჩამოვიდნენ და „გაგრასთან'' მატჩს დაესწრნენ.
ტიაგოს ცნობილ ბრაზილიურ კლუბებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, საუკეთესო კლუბებს გამოვყოფთ.
2004-10 წლებში „ინტერნასიონალში'' მუშაობდა, სკაუტი და მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. 2011-12 წლებში „ატლეტიკო პარანენსეს'' მთავარ მწვრთნელს ეხმარებოდა. ამავე პოზიციაზე 2013-15 წლებში „კორინთიანსში'' მუშაობდა.
2015-16 წლებში „რესიფეს'' მთავარი მწვრთნელის, პაულო რობერტო ფალკაოს ასისტენტი იყო. ფალკაო 1982 წლის „სელესაოს'' ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. „რესიფეში'' ტიაგუ გომეში სწორედ ფალკაომ მიიწვია.
2016-17 წლებში „ფლუმინენსეს’’ 20-წლამდე გუნდს წვრთნიდა.
2018-21 წლებში „გრემიოს’’ B გუნდს ხელმძღვანელობდა. 2021 წლის აპრილში, ივლისსა და ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ამ პერიოდში მისი ხელმძღვანელობით „გრემიოს’’ მთავარმა გუნდმა 4 მატჩი ჩაატარა.
როგორც „სამგურალის'' ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, „გრემიოში'' მთავარი მწვრთნელის, ლუიშ ფელიპე სკოლარის ასისტენტადაც მუშაობდა. სკოლარი ცნობილი სპეციალისტია, 2002 წელს მისი ხელმძღვანელობით „სელესაომ'' მუნდიალი მოიგო.
ტიაგუ გომეშს არაერთ ცნობილ ბრაზილიელ ფეხბურთელთან უმუშავია. მაგალითად „გრემიოში’’ რაფინიას წვრთნიდა, „ბაიერნისა'' და „შალკეს'' ყოფილ ფეხბურთელს.
შეგახსენებთ, „სამგურალს'' იტალიელი როდოლფო ვანოლი წვრთნიდა, რომელიც წარუმატებელი მუშაობის გამო მოხსნეს და მის ადგილს ბრაზილიელი სპეციალისტი დაიკავებს.