ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„გაკვეთილს ჩავუტარებ და შევარცხვენ“ | რა თქვა ვოლკანოვსკიმ თოფურიაზე

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიაზე ისაუბრა. „ვოლკი“ მომდევნო საჩემპიონო ჩხუბს „ელ მატადორის“ წინააღმდეგ გამართავს და როგორც აცხადებს, აპირებს, თოფურიას გაკვეთილი ჩაუტაროს.

„ისლამ მახაჩევთან მეორე ბრძოლის შემდეგ, ხალხს შეხსენება სჭირდება, ალექსანდრ ვოლკანოვსკი ვინაა და მყავს მეტოქე, რომელსაც თავი ძალიან მაგარი ჰგონია. ბევრი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ჰგონია, რომ ძალიან მაგარია და ამ სპორტის სილამაზე იმაშე მდგომარეობს, რომ მას გაკვეთილს ჩავუტარებ.

გაკვეთილს ჩავუტარებ, თავმდაბალს გავხდი, გამოვაფხიზლებ და საკმარისი დრო ექნება, რათა ჩემი ეპოქის დასრულების შემდეგ, საჩემპიონო ქამარი მოიპოვოს. მისთვის საჭიროა, სირცხვილი შეიგრძნოს, რაღაცები დაალაგოს და შეიძლება, ერთ დღეს დიადი ჩემპიონი გახდეს. გაკვეთილს ჩავუტარებ, შევარცხვენ, ოღონდ კარგი გაგებით, და საკმარისად ახალგაზრდაა, რათა ამ დაბრკოლების შემდეგ, ღირსეულად დაბრუნდეს.

ილია ილუზიებში იმყოფება. ფიქრობს, რომ გააკეთებს, რასაც ყოველთვის აკეთებდა და ჰგონია, რომ ეს ჩემთან საკმარისი იქნება. მას მიაჩნია, რომ იმდენად მაგარი მებრძოლია, სულერთია მის წინ ვინ დგას და ყველასთან ერთნაირად იჩხუბებს. ეს ასე არაა და რეალურად, აქამდე არც არაფერი დაუმტკიცებია. შეიძლება, ისეთი მაგარია, როგორადაც საკუთარ თავს წარმოაჩენს, მაგრამ ტოპ მებრძოლების წინააღმდეგ ეს ჯერ ნამდვილად არ დაუმტკიცებია. ჯოშ ემეტს პატივს ვცემ, მაგრამ მებრძოლთა დონეებს შორის დიდი განსხვავება არსებობს.

მე და ჩემი გუნდი თითოეულ ჩხუბს ვიკვლევთ და პატარა დეტალებს უდიდეს ყურადღებას ვაქცევთ. არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ დადებით საკითხებს აქცევენ ყურადღებას და შეცდომები არ ადარდებთ. მე მათ შორის არ ვარ. თუ ბრძოლისას დარტყმა მხვდება, ვაანალიზებ, რომ არის კომპონენტი, რომელიც გასაუმჯობესებელი მაქვს. თოფურია სხვანაირად ფიქრობს და ჰგონია, ხელშეუხებელია.

შეიძლება, მართლა აქვს იმდენი იარაღი და მართლა იმდენად მაგარია, როგორადაც თავს წარმოგვიდგენს. პირადად მე, ამის არ მჯერა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ვერაფრით გამაოცებს და შოკში ვერ ჩამაგდებს. 17 თებერვალს შოკში ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდება და გარანტიას გაძლევთ, რომ ეს მე არ ვიქნები. თოფურიას საუკეთესო ვერსიისთვის ვემზადები. ვემზადები მებრძოლისთვის, რომელიც მასზე უკეთესია და ვერაფრით გამაკვირვებს. მას ჰგონია, რომ გადამივლის და შოკში აღმოჩნდება, როცა არაფერი გამოუვა.

ამ ბრძოლასთან დაკავშირებით, მომწონს ის ფაქტი, რომ ილია დაუმარცხებელია, ახალი სკოლის წარმომადგენელია და ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. UFC-ს, მასთან მიმართებით, გეგმებიც აქვს შემუშავებული და სამწუხაროდ, მათი განადგურება მომიწევს, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი. იდეალური დრო დგას, რომ ყველას ვაჩვენო ვინ ვარ და ილია მთელი მსოფლიოს წინაშე შევარცხვინო. ოღონდ კარგი გაგებით ვამბობ და მომავალში ამის გამო, მადლობას გადამიხდის, რადგან ეს ბევრ რამეს ასწავლის“.

„ელ მატადორისა“ და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლა 2024 წლის 17  თებერვალს (თბილისის დროით, 18 თებერვალს), UFC 298-ზე გაიმართება. დენა უაითის ინფორმაციით, ღონისძიებას ანაჰაიმი უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარასა და ლავეცის შედარება?“ | რა თქვა მაცარიმ ქართველ ფეხბურთელზე
„კვარასა და ლავეცის შედარება?“ | რა თქვა მაცარიმ ქართველ ფეხბურთელზე