„უიტეკერზეც მიდიოდა საუბარი“ | დოლიძე ჰერნანდესისთვის მზადაა
რომან დოლიძე მომდევნო ორთაბრძოლას ენტონი ჰერნანდესის წინააღმდეგ გამართავს. ჩხუბამდე ერთი თვეა დარჩენილი და „კავკასიელმა“ MMA Junkie-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მოახლოებულ დაპირისპირებაზე ილაპარაკა:
„ვფიქრობ, როგორც მე, ისე ჰერნანდესი, ტოპ 5-ის წევრ მეტოქეს ვიმსახურებთ, თუმცა რაც არის, ეს არის. ოქტაგონში შესვლაზე უარს არასდროს ვამბობთ და ყველაფრისთვის მზად ვარ. ორი თვის განმავლობაში ველოდებოდი და რობერტ უიტეკერზე მიდიოდა საუბარი, თუმცა საბოლოოდ ეს არ გამოვიდა და ენტონის ვხვდები.
ჰერნანდესს ჭიდაობა უყვარს. საწყის რაუნდებში ბევრი არაფერი გამოსდის, თუმცა როდესაც მისი მეტოქეები იღლებიან, მას ენერგია ისევ აქვს. კარგი მებრძოლი და ათლეტია, თუმცა მისი არ მეშინია. პარტერში ჩასვლისა და გრეპლინგის პრობლემა არ მაქვს და ყველაფრისთვის მზად ვარ. არ მგონია, სადმე რამე პრობლემა გამიჩნდეს.“
ცნობისთვის, დოლიძისა და ჰერნანდესის ჩხუბი 10 აგვისტოს გასამართი ღონისძიების მთავარი მოვლენაა. „ფლაფის“ კარიერაში 16 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 14 გამარჯვებაა. ჰერნანდესი ტოპ 15-ში მეცხრეა, დოლიძე — მერვე.