„პერეირასთან რემატჩი ოქტომბერში შედგება“ - ანკალაევის მენეჯერი
UFC-ის ქვემძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონის, მაგომედ ანკალაევის მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმა განაცხადა, რომ ანკალაევისა და ალექს პერეირას რემატჩი, დიდი ალბათობით, ოქტომბერში შედგება.
„ალექს პერეირა ძლიერი მებრძოლია, ნამდვილი ლომია, მაგრამ ანკალაევი ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ უნდა გამხდარიყო ჩემპიონი. თუ ისინი ისევ იჩხუბებენ, ჩემი ინფორმაციით, კი ეს ოქტომბერში უნდა მოხდეს, ალექსისთვის ყველაფერი კიდევ უფრო ცუდად დასრულდება.
ახლა ანკალაევი საკუთარ თავშია დარწმუნებული. ის ხვდება, რომ პერეირას ძალიან ბევრი საშუალო დონის სტრაიკერი შეახვედრეს, არც ერთი მათგანი ტოპ სტრაიკერი არ ყოფილა. ანკალაევს შეუძლია როგორც ჭიდაობა და პარტერში მუშაობა, ისე დგომში ჩხუბი. ვფიქრობ, მაგომედი უფრო სტრაიკერია, ვიდრე გრეპლერი. ყველამ ნახა, როგორ შეარყია მან პერეირა, ალექსს კი ეს არ გამოუვიდა. როდესაც მებრძოლს თვითრწმენა უჩნდება და მეტოქეების დანოკაუტებას იწყებს, ეს განსაკუთრებული გრძნობაა.
ახლა ანკალაევი ძალიან სახიფათოა. გაითვალისწინეთ ისიც, რომ პერეირა 38 წლისაა და სულ მოგზაურობს. მას ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს, თუმცა ანკალაევის დრო დადგა. ჰანთერ კემპბელი, მიკ მეინარდი და UFC ანკალაევს აყოვნებდნენ, მაგრამ ახლა იციან, რაც ელოდებათ. ისინი ლოცულობდნენ, რომ მაგომედს პერეირასთან წაეგო“, - განაცხადა ალი აბდელაზიზმა პოდკასტ Pound 4 Pound-ში.
ცნობისთვის, ანკალაევისა და პერეირას ჩხუბი 8 მარტს შედგა. რუსმა მებრძოლმა „პოატანი“ მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ქვემძიმე წონის ჩემპიონი გახდა.