სკარიოლო: საქართველოს ვულოცავ, მათ გამარჯვება დაიმსახურეს
ესპანეთის კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერხიო სკარიოლომ საქართველოსთან მარცხის შემდეგ, პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს უპასუხა.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის პირველი შეხვედრა ევროპის მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ გამართა. ალექსანდერ ჯიკიჩის გუნდი ესპანეთს დაუპირისპირდა და „ფურია როხა“ დაამარცხა - 83:69.
„პირველ რიგში მინდა საქართველოსა და მწვრთნელ ჯიკიჩს გამარჯვება მივულოცო. მათ ბევრი მაღალი დონის მოთამაშე ჰყავთ, მათ შორის NBA-დან. მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა.
მარცხს ჩემს თავზე ვიღებ. დღეს ვერ შევძელი, რომ ჩემი გუნდის შესაძლებლობები მეჩვენებინა. საქართველო ფიზიკურად ჩვენზე ძლიერი ნაკრებია. ეს მოხსნების რაოდენობაშიც აისახა. გარდა ამისა, ასეთი დონის მატჩისთვის შესაბამისი დისციპლინით ვერ ვითამაშეთ.
უკეთ ასპარეზობა შეგვიძლია, ეს აშკარაა. შემდეგ ჯერზე უნდა ვცადოთ“.
განვლილი შეხვედრა ესპანელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ხუანჩო ერნანგომესმაც შეაფასა.
„მეტოქემ დაიმსახურა მოგება. დღეს ჩვენზე უკეთესები იყვნენ. ფიზიკურადაც გვაჯობეს. ჩემს გუნდს ვენდობი და გავაგრძელებთ ცდას. დღეს ჩვენს შესაძლებლობებთან ახლოსაც არ ვიყავით. ძალებს აღვიდგენთ და თამაშს გამოვასწორებთ. ძალიან, ძალიან ცუდად ვითამაშეთ. საქართველომ დღეს გამარჯვება ნამდვილად დაიმსაუხრა“.