ევროპის მოქმედი ჩემპიონი დამარცხებულია | საქართველომ ესპანეთს 83:69 მოუგო
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის პირველი შეხვედრა ევროპის მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ გამართა. ალექსანდერ ჯიკიჩის გუნდი ესპანეთს დაუპირისპირდა და „ფურია როხა“ დაამარცხა - 83:69.
მატჩი ორი დაკარგვით დავიწყეთ, თუმცა დაცვაში კარგად გამოვიყურებოდით და მეტოქეს ქულების აღება უჭირდა. საქართველოს ნაკრების მხრიდან პირველი ქულა დუდა სანაძემ ჩააგდო, რომელმაც ბურთი კარგად ჩაჭრა და მარტივი ორქულიანი მიითვალა. პირველი მეოთხედის საწყის 5 წუთში უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო. ჯიკიჩის გუნდი 13:6 დაწინაურდა და 19:9-საც იგებდა, თუმცა ესპანეთმა პირველი მეოთხედის ბოლოს ჩამორჩენა სამ ქულამდე დაიყვანა - 20:17.
მეორე მეოთხედის სტარტზე ანგარიში გათანაბრდა - 22:22. ევროპის მოქმედი ჩემპიონის გაქცევას სათანადოდ ვუპასუხეთ და 5 ქულით დავწინაურდით, თუმცა მეორე პერიოდის ბოლოს „ფურია როხა“ წინ პირველად გავიდა - 32:33. დარჩენილ დროში დუდა სანაძის ჯარიმებისა და თორნიკე შენგელიას სამქულიანის წყალობით, შესვენებაზე ორქულიანი უპირატესობით გავედით - 37:35.
მესამე მეოთხედი ზედიზედ აღებული ხუთი ქულით დავიწყეთ და 8-ქულიანი ჰანდიკაპიც მივიღეთ - 46:38. ესპანეთმა 6:0 გაქცევით გვიპასუხა, რასაც ჯიკიჩის ტაიმაუტი მოჰყვა. წუთშესვენების შემდეგ, 7:0 ჩვენ გავიქეცით, 9 ქულით დავწინაურდით და სერჯო სკარიოლოს ტაიმაუტი ავაღებინეთ - 53:44. მესამე მეოთხედის ბოლოსკენ 10-ქულიანი ფორა დავიბრუნეთ და ბოლო პერიოდის წინ 8 ქულით ვიგებდით - 57:49.
მეოთხე მეოთხედის დასაწყისში გუნდებმა ორქულიანები გაცვალეს, რასაც ესპანეთის 5-ქულიანი გაქცევა მოჰყვა და ჯიკიჩს ტაიმაუტის აღება მოუწია - 61:56. პარკეტზე დაბრუნებულმა გუნდებმა ორქულიანები ჩააგდეს, შემდეგ კი ბურჯანაძის ჯარიმებითა და მამუკელაშვილის ორქულიანით საქართველო წინ 9 ქულით გავიდა და სკარიოლომ ტაიმაუტი მოითხოვა - 67:58.
წუთშესვენების შემდეგ ესპანეთმა ჩამორჩენა 7 ქულამდე დაიყვანა, რის შემდეგაც ბითაძემ ჯერ სამქულიანი ჩააგდო, შემდეგ კი ეფექტური ალეუპი მიითვალა და +12 დაგვიფიქსირა. მეოთხე მეოთხედში გოგა ბრწყინვალე იყო და საბოლოოდ, საქართველომ ისტორიული გამარჯვებაც მიითვალა.
საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი იყო - 19 ქულა, 7 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა. გოგა ბითაძემ 15 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. თორნიკე შენგელიას 13 ქულა, 2 მოხსნა და 2 ასისტი ჰქონდა. კამარ ბოლდუინმა მატჩი 12 ქულით, 4 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით დაასრულა, ხოლო ბექა ბურჯანაძეს 7 ქულა ჰქონდა.