„საფრანგეთს არ უნდა წარმოადგენდეს“ - იმავოვს შეუტიეს
6 სექტემბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გასამართი UFC-ის ღონისძიების მთავარი მოვლენა საშუალო წონით დივიზიონში ნასურდინ იმავოვისა და კაიო ბორალიოს დაპირისპირება იქნება. პირველი მათგანი თვლიდა, რომ უკვე საჩემპიონო ბრძოლის ღირსი იყო და თეორიულად დრიკუს დუ პლესისთან შეხვედრისთვის ემზადებოდა, მაგრამ ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დენა უაითმა სხვაგვარად გადაწყვიტა და იმავოვს ჯერ ბორალიოსთან მოუწევს ურთიერთობების გარკვევა, რომელმაც ისეთი განცხადება გააკეთა, რომ დუღილის ტემპერატურამ აშკარად იმატა.
კაიო ბორალიო
შერეულ ორთაბრძოლებში ბევრ უცნაურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და ერთ-ერთში ჩემი მომავალი მოწინააღმდეგე ფიგურირებს. იმავოვს რუსი მწვრთნელები ჰყავს, რუსეთში ვარჯიშობს და საფრანგეთის სახელით იბრძვის, რა შუაშია მასთან საფრანგეთი? წარმოდგენა არ მაქვს და არც იმაზე მაქვს წარმოდგენა, რატომ უნდა ჰქონდეს 6 სექტემბერს პარიზელი გულშემატკივრების მხარდაჭერის იმედი.
ცნობისათვის, ნასურდინ იმავოვმა ბოლო ბრძოლა რამდენიმე თვის წინ ისრაელ ადესანიასთან ჩაატარა და ნიგერიელი მეტოქე ნოკაუტით დაამარცხა.