ფიჯის მწვრთნელი: “გაგვიმართლა, რომ პირველი ტაიმი მხოლოდ 0:9 დავთმეთ“
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში საქართველო ფიჯის დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 12:17 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ფიჯის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საიმონ რაივალუიმ კომენტარი გააკეთა.
რაივალუი:
„გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ პირველი ტაიმი პირწმინდად წავაგეთ. ვიცოდით, რომ სახიფათო თამაში და რთული ბრძოლა იქნებოდა. უბრალოდ, მადლობელი ვარ, რომ ეს შედეგი დავაფიქსირეთ. ახლა ძალიან დაღლილი ვარ. მძიმე ბრძოლა გადავიტანეთ.
პირველ ნახევარში ბევრი შეცდომა დავუშვით. საქართველოს ბურთი ბევრჯერ დავუთმეთ და რეალურად გაგვიმართლა, რომ პირველი ტაიმი მხოლოდ 0:9 დავთმეთ. ჩემს გუნდს ბურთის ფლობა უყვარს და დღეს საოცარი ერთიანობა გამოვავლინეთ. ბოლო წუთამდე ერთანეთთან ძალიან მჭიდროდ ვიყავით.“
ცნობისთვის, ამ წაგების შემდეგ, „ბორჯღალოსნებს“ 3 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილს იკავებენ. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, საქართველო უელსს დაუპირისპირდება.