გოგიჩაშვილის ლელო - რასინგმა სტად ფრანსე დაამარცხა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში გასული უიქ-ენდი ქართველი ლეგიონერებისთვის წარმატებული აღმოჩნდა - ლუკა მატკავას შედეგიანი დებიუტი „კასტრში“ სასიამოვნო სიახლე გახლდათ, ხოლო გუშინ „რასინგი“ – „სტად ფრანსეს“ (49:24) მატჩში მასპინძლებს გამარჯვებაში გურამ გოგიჩაშვილი დაეხმარა, რომელმაც მიმდინარე სეზონში მეტოქის ჩათვლის მოედანი კიდევ ერთხელ აიღო.
პირველ ნახევარში შედარებით დაძაბული ბრძოლა მიდიოდა და მასპინძლებმა სტუმრებს მხოლოდ 3-ქულიანი სხვაობით აჯობეს. მეორე ტაიმის დასაწყისიდან კი, 16-წუთიან მონაკვეთში „რასინგელებმა“ „სტად ფრანსეს“ ჩათვლის ზონაში სამჯერ შეაღწიეს და აქედან ერთი ლელო სწორედ გოგიჩაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც თავი ცვლილებაზე შესვლიდან სულ რაღაც ხუთ წუთში გამოიჩინა.
სტუმართა შემადგენლობაში შეცვლაზე შევიდა სერგი აბრამიშვილი, გიორგი მელიქიძე კი სასტარტოში იყო. ამ გამარჯვებით „რასინგმა“ 45 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო „სტად ფრანსე“ 36 ქულით მეთორმეტე ადგილზეა და ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.