კვარას ყველაზე უხერხული მეტოქე | როგორია ხვიჩას სტატისტიკა ინტერთან
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-სა და ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინვალე თამაშით კრიტიკოსები დაადუმა, ვინც ზამთარში ქართველის პსჟ-ში ტრანსფერს არასწორ ნაბიჯად თვლიდა. ცხადია ევროპის ტოპ 5 ლიგიდან საფრანგეთის ჩემპიონატი ყველაზე სუსტია და კარგი არ იქნება, თუ კვარა კარიერის საუკეთესო წლებს ლიგა 1-ში გაატარებს, მაგრამ ამ მომენტში, როცა კვარა ჩემპიონთა ლიგის ფინალშია, ყველა მსგავსი არგუმენტი ქრება, ქართველ ფეხბურთელს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგებასთან მხოლოდ 1 მატჩი აშორებს.
„ნაპოლის’’ რიგებში ხვიჩამ სერია A-სა და იტალიის თასზე მილანის „ინტერის’’ წინააღმდეგ ექვსი მატჩი ჩაატარა, ექვსივე შეხვედრა სასტარტო 11-ეულიდან დაიწყო, თითოეულ შეხვედრაში დიდი დრო მიეცა, თუმცა მის აქტივში გოლი ან საგოლე პასი არაა. ყველა აღნიშნულ მატჩში „ინტერის’’ მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი იყო, იტალიელი სპეციალისტი კვარას შესანიშნავად იცნობს და იცის, როგორ გაანეიტრალოს ქართველი გარემარბი, თუმცა ხვიჩა ახლა გაცილებით მრავალმხრივი და სახიფათოა. ლუის ენრიკესთან მუშაობისას სხვა პოზიციებზეც მოგვევლინა, შეუძლია მარჯვენა ფლანგზე გადავიდეს და კვლავ სახიფათო იყოს, მან დაძლია ის ფსიქოლოგიური პრობლემა, როცა დრიბლინგზე წასვლას და მცველის მოტყუებას ერიდებოდა, თავდაჯერებულია და საჯარიმოში შესვლისას რისკიან გადაწყვეტილებებს იღებს, რაც „არსენალთან'' ორივე მატჩში ვნახეთ. ასევე, ახლა გაცილებით ძლიერი მარცხენა ფეხი აქვს, რაც „ასტონ ვილასთან’’ გოლის ეპიზოდში კარგად გამოჩნდა, როცა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა. დაცვაში თამაშის მხრივაც დიდი პროგრესი აქვს და ეს ნებისმიერი გუნდისთვის დამატებითი პრობლემაა.
კვარას იტალიაში საგოლე მოქმედება ყველა ძლიერ კლუბთან ჰქონდა, გამონაკლისი მხოლოდ „ინტერი’’ იყო, მისთვის უხერხული მეტოქე. კვარაცხელიას ბრწყინვალე ფორმიდან გამომდინარე ოპტიმისტური მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ ეს ცუდი სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგის ფინალში დასრულდება.
Transfermarkt-ის მონაცემებით, კვარაცხელიამ ლიგა 1-ის 13 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა., საფრანგეთის თასზე აქტივში 1 საგოლე პასი აქვს, ჩემპიონთა ლიგაზე 8 მატჩში ორი გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი გააკეთა. საერთო ჯამში, მის ანგარიშზე პსჟ-ში 23 მატჩში 10 საგოლე მოქმედებაა.