7-ქალა | რაგბი ევროპის ჩემპიონატამდე ბონსა და ტურში
საქართველოს 7-ქალა პირველად ისტორიაში წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატში ითამაშებს, რომელიც ივნისში ორ ეტაპად, ხორვატიასა და გერმანიაში გაიმართება.
გოგონებმა შარშან რაგბი ევროპის ალაფაზე წარმატებით ითამაშეს, ორი ეტაპის ჯამში მეორე ადგილი დაიკავეს და 12-გუნდა ელიტაში დაწინაურდნენ.
ჩემპიონატამდე ჯაბა მალაღურაძის შეგირდები ორ შეკრებას გაივლიან. 17-18 მაისს გოგონები გერმანიის ქალაქ ბონში კომერციულ ტურნირზე ითამაშებენ.
მასში საქართველოს გარდა ბელგიის ერთი და მასპინძელი გერმანიის ორი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. შარშანდელი შედეგების მიხედვით ბელგიელმა გოგონებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი მეორე, ხოლო გერმანელებმა მერვე ადგილზე დაასრულეს.
შაბათს, 17 მაისს ჩვენი 7-ქალა ბელგიას საქართველოს დროით 15:50 საათზე ეთამაშება; 17:30-ზე გერმანია2-ს შეერკინება; ხოლო 19:30-ზე გერმანია1-ს. კვირას, 18 მაისს იგივე გუნდებს სხვა თანმიმდევრობით შევხვდებით: 12:00 გერმანია1; 14:00 ბელგია; და 15:20 გერმანია2.
გერმანიიდან ჩვენი გუნდი საფრანგეთში გადაინაცვლებს და ქალაქ ტურში 5-დღიან შეკრებას გაივლის. მზადების ფარგლებში ადგილობრივ რეგიონულ ნაკრებთან ამხანაგური თამაშები იქნება, 24-25 მაისს კი საქართველოს 7-ქალა ტურის ტრადიციულ ტურნირში ჩაერთვება, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
რაც შეეხება რაგბი ევროპი ჩემპიონატის პირველ ეტაპს, მას 13-15 ივნისს ხორვატიის საკურორტო ქალაქი მაკარსკა უმასპინძლებს. ქართველი გოგონები ა ჯგუფში ევროპის მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთთან, ჩეხეთთან (შარშან მე-6 ადგილი) და ირლანდიასთან (შარშან მე-7 ადგილი) მოხვდნენ. ბ ჯგუფში ბელგია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და შვედეთი, ხოლო გ ჯგუფში ესპანეთი, პოლონეთი, იტალია და პორტუგალია ითამაშებენ.
წყარო: rugby.ge