გაგი მარგველაშვილი
Aa
Aa

მარგველაშვილი სიმბოლურში - ქართველი მორაგბე რჩეულებს შორის

მსოფლიოს 20-წლამდე მორაგბეთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა მაინცდამაინც კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა და ირლანდიელებთან 7-ქულიანი სხვაობით, 28:35 დამარცხდა. წაგების მიუხედავად, შეხვედრაში იყო მომენტები, როდესაც ლადო კილასონიას შეგირდებმა თითქოს ინტრიგა დააბრუნეს და სიტუაციაც პერიოდულად იძაბებოდა, რაშიც ტურნირის ორგანიზატორებმა მთავარ შემოქმედად გაგი მარგველაშვილი მიიჩნიეს. ავტორიტეტული ვებ-გვერდის NextgenXV-ის ვერსიით, საქართველოს 20-წლამდე ნაკრების მეორე ხაზის მოთამაშე პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და მისი ასპარეზობა ასე დაახასიათეს:

„გაგი მარგველაშვილი ირლანდიასთან დაძაბულ დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების გამორჩეული მოთამაშე იყო. მისი გუნდის იმპულსური შეტევა პირველ ნახევარში ლამაზი ლელოთი დააგვირგვინა, თუმცა თავი მხოლოდ ამით არ გამოუჩენია. მეტოქე გუნდის მორაგბეებს მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებდა და დაცვაში საოცრად კომპაქტურად ასპარეზობდა.

ეფექტური იყო „უმცროსი ბორჯღალოსნების“ შეტევების დროს, რითაც „აირიშების“ დაცვა არაერთხელ დააზარალა. მისმა ფიზიკურმა სიძლიერემ და შრომისმოყვარეობამ ძლიერი მეტოქე გამოუვალ მდგომარეობაში რამდენჯერმე ჩააგდო და მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამ ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშეა.

ცნობისათვის, ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, ახალ ზელანდიას შეხვდება. თამაში პარასკევს, 4 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
5 ივლისს, ბორჯღალოსნები ირლანდიას დაუპირისპირდებიან
5 ივლისს, ბორჯღალოსნები ირლანდიას დაუპირისპირდებიან