შავი ლომი
Aa
Aa

შავი ლომი | შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის ჩემპიონთან

16 საათზე ნაკლები რჩება მაღალი დონის საკლუბო ტურნირის - თბილისის თასი 2026-ის დაწყებამდე, რომელსაც 24 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, „ავჭალის“ სარაგბო სტადიონი უმასპინძლებს.

თბილისის თასი „ტოიოტა ჩელენჯის“ მეორე ეტაპია, რომლის პირველ ეტაპს ივნისში სამხრეთ აფრიკამ უმასპინძლა. მის ფარგლებში სამი ევროპული გუნდი, სამ სამხრეთ აფრიკულ კლუბს დაუპირისპირდება. 24 და 29 სექტემბერს, ასევე 4 ოქტომბერს, „ავჭალაზე“ სამ-სამი (14, 17 და 20 საათებზე) შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც პირველ ადგილზე გასულ გუნდს თბილისის თასი გადაეცემა.

‘შავი ლომი’ და კიდევ ორი ევროპული ფრენჩაიზი - პორტუგალიური ‘ლუზიტანუში’ და ესპანური ‘იბერიანსი’, სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატის სამ მოწინავე გუნდს შეერკინება: ქარი ქაფის ჩემპიონ ‘სუზუკი გრიქასს’, ვიცე-ჩემპიონ ‘აირლინკ პუმასს’ და მესამეადგილოსან ‘ტოიოტა ჩიტასს’.

‘შავი ლომისა’ და ‘ჩიტასისთვის’, ეს თამაშები განვითარებასთან ერთად ჩელენჯ თასისთვის მოსამზადებელი დასკვნითი ეტაპიცაა, რომლის ფარგლებში ჩვენი გუნდი უელსურ ‘ოსფრიზს’ 17 ოქტომბერს დაუხვდება.

მზადების ეტაპზე ‘შავმა ლომმა’ უკვე გამართა ორი გასახურებელი შეხვედრა: ჯერ გაერთიანებული რაგბის ჩამპიონატის იტალიურ ფრენჩაიზ ‘ბენეტონთან’ და მერე ინგლისის პრემიერშიფის მოქმედ ჩემპიონ ‘ნორთჰემპტონ სენტსთან’. ამ თამაშებისგან განსხვავებით, თბილისის თასზე ის კლასიკური 23-კაციანი განაცხადით ითამაშებს.

თბილისის თასის პირველ სათამაშო დღეს, „ავჭალაზე“, 14 საათზე ‘აირლინკ პუმასი’ ‘იბერიანსს’ ეთამაშება; ‘ტოიოტა ჩიტასი’ ‘ლუზიტანუშს’ 17 საათზე შეხვდება; ‘შავი ლომი’ კი ‘სუზუკი გრიქასს’ 20 საათზე შეერკინება.

ინგლისელებთან მატჩის შემდეგ დამწყებთა შორის რამდენიმე ცვლილებაა. ცენტრში თორნიკე კახოიძეს ამჯერად ახალგაზრდა ლუკა ტაბატაძე შეუწყვილდება, ოთარ მეტრეველმა ფრთაზე გადაინაცვლა, ფულბეკად კი ლუკა ცირეკიძე ბრუნდება. უცვლელია ღერძი (გიორგი სპანდერაშვილი და დავით იმნაძე) და მეორე ფრთა აკაკი ტაბუცაძე.

უცვლელი დარჩა დამწყები პირველი ხაზიც - დათო აბდუშელიშვილი, ირაკლი ქვათაძე და ნიკოლოზ ხატიაშვილი; მეორე ხაზში გადაინაცვლა ‘შავი ლომის’ სამოელმა ლეგიონერმა მაიკლ ქარიმ, რომელიც ვლადიმერ ჩაჩანიძეს შეუწყვილდება, მესამე ხაზში კი მის ნაცვლად ლუკა ნარსია დაწინაურდა. მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნეს გუნდის კიდევ ერთმა სამოელმა ლეგიონერმა ლეავასა პოტუმ და ლაშა ციხისთავმა, რომელიც ‘გრიქასთან’ გუნდის კაპიტანი იქნება.

მარქაფაში ექვსი მორკინალია - პირველ ხაზელები ვახტანგ ჯინჭარაძე, გიორგი მამაიაშვილი და გიორგი ქიმუცაძე; მეორე ხაზელები მიხეილ ბაბუნაშვილი და დემურ ეფრემიძე; მესამე ხაზელი ოთარ გიორგაძე. ხაზში შეცვლაზე არიან ჰავბეკი თემურ ძოძუაშვილი და ახალგაზრდა ცენტრი დემეტრე დევდარიანი.

ტოიოტა ჩელენჯი. თბილისის თასი 2026

24 სექტემბერი. I რაუნდი

თბილისი. „ავჭალა“. 20:00 საათი

შავი ლომი (საქართველო) - სუზუკი გრიქასი (სამხრეთ აფრიკა)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. ლუკა ტაბატაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. ოთარ მეტრეველი, 10. დავით იმნაძე, 9. გიორგი სპანდერაშვილი;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 4. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 5. მაიკლ ქარი, 6. ლუკა ნარსია, 7. ლაშა ციხისთავი (კაპ.), 8. ლეავასა პოტუ.

მარქაფა: 16. ვახტანგ ჯინჭარაძე, 17. გიორგი მამაიაშვილი, 18. გიორგი ქიმუცაძე, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. დემურ ეფრემიძე, 21. ოთარ გიორგაძე; 22. თემურ ძოძუაშვილი, 23. დემეტრე დევდარიანი.

24 სექტემბერი

პუმასი (სამხრეთ აფრიკა) - იბერიანსი (ესპანეთი) (14:00)

ჩიტასი (სამხრეთ აფრიკა) - ლუზიტანუში (პორტუგალია) (17:00)

შავი ლომი (საქართველო) - გრიქასი (სამხრეთ აფრიკა) (20:00)

29 სექტემბერი

ჩიტასი - იბერიანსი (14:00)

შავი ლომი - პუმასი (17:00)

გრიქასი - ლუზიტანუში (20:00)

4 ოქტომბერი

პუმასი - ლუზიტანუში (14:00)

გრიქასი - იბერიანსი (17:00)

შავი ლომი - ჩიტასი (20:00)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები