სამი ლელო ორ მატჩში - ქართველები Pro D2-ში
საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო დივიზიონში ქართველი მოთამაშეების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა ჩვენდა სასიხარულოდ, რაოდენობასთან ერთად, სათამაშო ხარისხიც იმატებს და ტური არ გავა ისე, რომელიმე მათგანმა მეტოქის ჩათვლის მოედანი არ აიღოს. Pro D2-ის მეოთხე ტურში ქართველი გულშემატკივრების ყურადღება ორმა მატჩმა მიიქცია, სადაც ჩვენმა თანამემამულეებმა თავის გამოჩენა შეძლეს.
„ორიაკმა“ საკუთარ სტადიონზე „ბრივს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 28:29 დამარცხდა. თუმცა, თავდაპირველად დაძაბული ბრძოლა სულაც არ იყო და მასპინძლებს რომ მატჩის მოგების შანსი გაუჩნდათ, ეს სწორედ ქართველი ლეგიონერების დამსახურებაა. ჯერ თედო აბჟანდაძემ „ორიაკის“ სწრაფი შეტევა დაასრულა ლელოთი, შემდეგ კი მეტოქის ჩათვლის მოედანი ირაკლი მჭედლიძემაც აიღო, თუმცა როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
თითქმის ანალოგიური სცენარით განვითარდა მოვლენები „ნარბონა“ - „ანგულემის“ (31:26) შეხვედრაში, სადაც მასპინძლები სტუმრებს დიდი სხვაობით ამარცხებდნენ, თუმცა „ანგულემმა“ გონს მოსვლა მოახერხა და ამ გუნდის რიგებში პირველი ლელო, რამაც სტუმრებს თამაშის გადარჩენის იმედი ჩაუსახათ, გიორგი ჯავახიამ დადო.
ცნობისათვის, საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონს 4 ტურში დაგროვებული 18 ქულით „ოიონა“ ლიდერობს, რომელიც მეორე-მესამე ადგილებზე მყოფ „პროვანს რაგბისა“ და „ბრივს“ მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.