კასტრში შერკინებას მოამზადებს - ზირაქაშვილის ახალი გამოწვევა
დავით ზირაქაშვილი თამამად შეიძლება ითქვას, რომ არამხოლოდ ქართული რაგბის, არამედ ევროპის საუკეთესო ლიგის, საფრანგეთის TOP 14-ის ლეგენდაა, რის გამოც კარიერის დასრულების შემდეგაც უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს, სამწვრთნელო საქმით არის დაკავებული და მორაგბეებს ზუსტად იმ კომპონენტში ამზადებს, რომლითაც თავად იყო გამორჩეული.
ვეტერანი ქართველი მორაგბე „კასტრში“ შერკინების მწვრთნელად დაინიშნა, სადაც სხვათა შორის ლევან ჩილაჩავა ასპარეზობს და ზირაქაშვილს სწორედ ლევანის და მისი ამპლუის მოთამაშეების მომზადება დაევალება. ამ გუნდში მისვლამდე დავითი ანალოგიურ პოზიციაზე მისთვის მშობლიურადქცეულ „კლერმონსა“ და „სტად ფრანსეში“ მუშაობდა და საყოველთაო მოსაზრებით ეს გუნდები სწორედ ამ კომპონენტში იყვნენ განსაკუთრებით ძლიერები, რის გამოც ზირაქაშვილი თითქმის ყველა კლუბის მესვეურების მხრიდან მოთხოვნად ფიგურად ითვლება.
შეგახსენებთ, რომ დავით ზირაქაშვილი „კლერმონის“ ღირსებას თექვსმეტი წლის განმავლობაში იცავდა და 2010 წელს ის გახდა ისტორიაში პირველი ქართველი მორაგბე, რომელმაც საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გარდა ამისა, კლერმონელებთან ერთად მან ევროპის ჩელენჯ თასი მოიგო, ჩემპიონთა თასზე კი ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დასჯერდა.