ნიკა ამაშუკელი
Aa
Aa

ნიკა ამაშუკელი ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნეზე იმსაჯებს

მსოფლიო რაგბმა ქართველი რეფერი ნიკა ამაშუკელი ირლანდიელი და ბრიტანელი ლომების ავსტრალიური ტურნეს დასკვნით მატჩზე მთავარ მსაჯად დანიშნა!

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსოფლიო რაგბის ამ უდიდესი მოვლენის ნაწილი ქართველი იქნება. ნიკა 2 აგვისტოს სიდნეიში, ავსტრალიისა და ლომების სერიის დასკვნით ტესტს განსჯის.

„ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნე თავისი კულტურით და ფასეულობების გასხივოსნებით სრული სარაგბო ჭეშმარიტებაა. ეს იმდენად მასშტაბური მოვლენაა, რომ 4 წელიწადში ერთხელ იმართება. 4 ისეთი ერი, რომლებსაც განხეთქილების დიდი ისტორია აქვს და ექვს ერზე ერთმანეთს არ ზოგავს, ერთ გუნდად ერთიანდება და სამხრეთ ნახევარსფეროში ტიტანებთან საბრძოლველად მიემართება. საბოლოო ჯამში ვიღებთ ვარსკვლავებით გადაჭედილ გუნდს და მოვლენას, რომლის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია“.

„წნეხით და სირთულით, ასევე პრესტიჟით, „ლომების“ ტესტის მსაჯობა მსოფლიო თასის ნახევარფინალს უტოლდება. გულშემატკივრები უკვე ირაზმებიან ამ უდიდესი დაპირისპირების ეპიცენტრში მოსახვედრად - იტაცებენ მატჩისა თუ თვითმფრინავის ბილეთებს, რათა გახდნენ ამ დაპირისპირებების ნაწილი“ - აღნიშნავს ამაშუკელი.

20 ივნისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით, ჯამში 38 თამაში გაიმართება, რომელთაგან 27 ტესტ-მატჩი იქნება და მათ ჯამში 11 ქვეყნის 24 მსაჯი მოემსახურება.

პირველ თამაშში, 20 ივნისს, ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები არგენტინას დუბლინში ეთამაშებიან და ამაშუკელი პირველი ასისტენტი იქნება, რის შემდეგაც ლომები და ნიკა გეზს სამხრეთისკენ აიღებენ. ქართველი რეფერი 5 ივლისს მაორი ოლ ბლექსისა და შოტლანდიის თამაშს განსჯის; 9, 12 და 19 ივლისს ის ლომების სამ შეხვედრაში (19 ივლისს ავსტრალიასთან) ასისტენტად მოგვევლინება; 22 ივლისს ნიკა ბრიტანელი და ირლანდიელი ლომებისა და წყნარი ოკეანის ნაკრების თამაშს განსჯის, 26 ივლისს კი ავსტრალიისა და ლომების მეორე ტესტ-მატჩში კვლავ ასისტენტი იქნება. ზაფხულის ტესტები 2 აგვისტოს ავსტრალიისა და ლომების გადამწყვეტი, მესამე რკენით იხურება და აქ უკვე ამაშუკელი მოედნის მსაჯი იქნება!

ნიკა ამაშუკელი: „ეს დანიშვნები ჩემი კარიერის ლოგიკური გაგრძელებაა. რა თქმა უნდა სიამოვნება და ემოციები ისეთივეა, როგორიც ადრე იყო, შეიძლება უფრო მეტიც, თუმცა მსგავსი დანიშვნები აღარ მიკვირს. რომმახსენდება ჩემი პირველი დანიშვნები დიდ თამაშებზე და ჩემს თავს დღევანდელობას ვადრი, აბსოლიტურად სხვა მსაჯი და ადამიანი ვარ. ამ 3-4 წელიწადში ძალიან გავიზარდე და ახლა ჩემი მიზანია ვიპოვო გზები, რათა ამ დონეზე დიდი ხნის განმავლობაში დავრჩე“.

„წელს მექნება ყველაზე დაკავებული ივლისი ჩემს ცხოვრებაში. ვიწყებ ლომების პირველი ტესტით, რომელსაც ისინი არგენტინასთან გამართავენ, რის შემდეგაც მთავარი მსაჯის თუ ასისტენტის რანგში, არაერთი თამაშის მსაჯობა მომიწევს. საბოლოოდ კი სერიებს ვხურავ სიდნეიში, მთავარი ტესტით და დიდი იმედი მაქვს ამ დროს ავსტრალიისა და ლომების სერიაში ანგარიში 1:1 იქნება. ძალიან მინდა სერიის ფინალი ვიმსაჯო და მეწყინება თუ 2 აგვისტოს ანგარიში 2:0 იქნება რომელიმე გუნდის სასარგებლოდ“.

„გამაფრთხილეს, რომ ეს იქნება უპრეცედენტო წნეხისა და სირთულის თამაში და რა თქმა უნდა მისთვის მთელი მონდომებით ვემზადები. ჩემი მიზანია, ამ დღეს ვიყო ნიკა ამაშუკელის საუკეთესო ვერსია, იქნება ეს ტექნიკური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ ენობრივი თვალსაზრისით“ - ამბობს ამაშუკელი და არასდროს ავიწყდება ის ადამიანები, რომლებიც ამ ურთულეს გზაზე მის გვერდით იდგნენ:

„ის ნდობა, რაც მსოფლიო რაგბიმ და პირადად ჟოელ ჟუშმა გამომიცხადა, ფასდაუდებელია როგორც პირადად ჩემთვის, ასევე ქართული რაგბისთვის და დიდი მადლობა მას მხარდაჭერისა და ნდობისთვის. ასევე უდიდესი მადლობა დევიდ მაკქიუს, რომელიც წლების განმავლობაში ჩემი პირადი მწვრთნელი იყო და მუშაობდა საქართველოს რაგბის კავშირის სამსაჯო კომიტეტთან. ის საუკეთესო მასწავლებელია! ასევე მადლობა დედას და ჩემს მეუღლეს, რადგან მსაჯის ცხოვრება ძალიან რთულია და ამ დროს განსაკუთრებით გჭირდება ახლობლების გვერდში დგომა, ეს კი მე არასდროს მაკლდა. მადლობა საქართველოს რაგბის კავშირს, რომლის დახმარების გარეშე ამ დონეზე ვერასდროს მოვხვდებოდი და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც წლების განმავლობაში მქომაგობდა და ახლაც ვგრძნობ მათ თანადგომას“.

და ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - 2 აგვისტოს ტესტი, 30 წლის ნიკა ამაშუკელისთვის 30-ე ტესტ-მატჩი იქნება სამსაჯო კარიერაში. მოთამაშისგან განსხვავებით, მსაჯისთვის 30 წელი ის ასაკია, როდესაც მისი აღმასვლა უნდა დაიწყოს, ქართველი რეფერი კი უკვე მწვერვალებს იპყრობს:

„სიმბოლურია, რომ 30 წლისას 30-ე თამაშის მსაჯობა მომიწევს. ამ ასაკისთვის ეს ძალიან კარგი ნიშნულია, რადგან მსაჯები გვიან იწყებენ აღმავლობას. ჩემი კარიერა ლამაზი ზღაპარივით ვითარდება და დიდებულია, რომ წინ კიდევ ბევრი რამე მაქვს“.

წყარო: rugby.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს ბურთის ჯილდო | რომელ ადგილზეა კვარა Goal-ის რეიტინგში
ოქროს ბურთის ჯილდო | რომელ ადგილზეა კვარა Goal-ის რეიტინგში