მამუკა გორგოძე
Aa
Aa

„კარიერაში არაფერს შევცვლიდი და გულიც არაფერზე მწყდება“ - მამუკა გორგოძის ინტერვიუ

World Rugby-ს Facebook-გვერდი ქართული რაგბის ლეგენდასთან, მამუკა გორგოძესთან ჩაწერილ ინტერვიუს ავრცელებს. „გორგოძილას“ ჩასაწერად საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა ყოფილი მორაგბე და ახლა ჟურნალისტი, მაიკ მაკარტი, რომელსაც მამუკა გორგოძე ბევრ საინტერესო საკითხზე ესაუბრა.

რას ამბობს გორგოძე ინტერვიუში:

კარიერის საწყისი ეტაპი? 9 წლის ვიყავი, როდესაც კალათბურთის თამაში დავიწყე. როდესაც 16, ან 17 წლის ვიყავი, რაგბიში კარგი გუნდები გვყავდა. ისინი ეთამაშნენ საფრანგეთის A ნაკრებს და სამხრეთ აფრიკის მეორე გუნდს. იმ დღეებში, რაგბი ჩვენს ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რის გამოც გადავწყვიტე, რომ სპორტის სახეობა შემეცვალა და რაგბის თამაში დამეწყო. ვფიქრობ, ჩემთვის კარგი გადაწყვეტილება იყო.

თამაში „ლელო სარასენსში“ დავიწყე, როდესაც 17 წლის ვიყავი. ახლა რომელ სტადიონზეც ვიმყოფებით, აქ არ ვვარჯიშობდით, ეს სტადიონი აშენებული არ იყო. როდესაც საფრანგეთში წავედი, მას შემდეგ ააშენეს. არ მიყვარს ტირილი, რომ შესაბამისი პირობები და კარგი მინდვრის საფარი არ გვქონდა... ეს ყველაფერი ტკბილი მოგონებაა. კომფორტული არ ყოფილა, მაგრამ ის პერიოდი ნამდვილად კარგად მახსენდება. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, რომ ეს სტადიონი აშენდა.

„მონპელიეში“ 9 სეზონის განმავლობაში ვთამაშობდი, „ტულონში“ კი 6 სეზონი ვიყავი. საერთო ჯამში, ტოპ 14-ში 15 სეზონი გავატარე. „მონპელიეში“ გატარებული დრო კარგად მახსენდება, რადგან როგორც გუნდი ერთად ვიზრდებოდით. თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. შემდეგ კი „ტულონში“ წავედი, სადაც განსხვავებული კულტურა დამხვდა. სარაგბო ქალაქია, დიდი გუნდი დიდი მოთამაშეებით და ბევრი ლეგენდით. ეს ჩემს ცხოვრებაში განსხვავებული გამოცდილება იყო. თითოეული მორაგბის ოცნებაა ასეთი დონის მოთამაშეებთან ერთად ყოფნა. ღმერთს მადლობა ვუხდი იმისთვის, რომ ასეთ მოთამაშეებთან თამაში მომიწია. იმ დროს, „ტულონს“ ისეთი მოთამაშეები ჰყავდა, რომ ალბათ მსოფლიო ნაკრებიც იყო. ისეთი უშუალოები იყვნენ, რომ მათთან ურთიერთობით აღფრთოვანებული ვიყავი. პატარებთან პატარები იყვნენ, დიდებთან კი დიდები. სათითაოდ ვერ გამოვყოფ მოთამაშეებს, რადგან ვიღაც გამომრჩება. ყველა, დაახლოებით 20-30 კაცი, ვინც იქ იყო, ყველა ერთი-მეორეზე უკეთესები იყვნენ. მართლა ე. წ. ოცნების გუნდი იყო. ძალიან კმაყოფილი ვარ, ორმ ასეთ მოთამაშეებთან მომიწია თამაში.

საუკეთესო მოგონება ნაკრებში? 73 თამაში ჩავატარე, რაც მორაგბისთვის განსაკუთრებული ციფრი არ არის. მსოფლიო ჩემპიონატზე თითოეული თამაში დაუვიწყარი იყო. ოთხ მსოფლიო თასზე მივიღე მონაწილეობა და ყველაზე გამოსარჩევი, გუნდური წარმატება 2015 წლის მსოფლიო თასზე, ტონგასთან გამარჯვება იყო. იმ ჩემპიონატზე ორი თამაში მოვიგეთ.

არასდროს, პიროვნული ინტერესები არ დამიყენებია გუნდურ ინტერესებზე წინ, თუმცა როდესაც ახალ ზელანდიასთან დამასახელეს საუკეთესო მოთამაშეთ, ალბათ ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებად დარჩება.

2023 წლის მსოფლიო თასი? ამ ნაკრებმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია. იტალია ჩვენი პრინციპული მეტოქეა და მათთან გამარჯვებით ბიჭებმა ძალიან გაგვახარეს, დამსახურებულად მოიგეს. სამწვრთნელო სტაფმა, ბიჭებმა ეს თამაში გუნდურად მოიგეს. მნიშვნელოვანია, რომ ერთიანობა იგრძნობოდა. რაც შეეხება უელსთან თამაშს, ჩემს კარიერაში ამას ალბათ ვერც ვინატრებდი. მგონია, რომ ქართული რაგბის ისტორიაში ასეთი მოგება არ გვქონია. არ მინდა, რომ ამ მოგებებზე გავჩერდეთ, მინდა, რომ წინსვლა გავაგრძელოთ.

საუკეთესო მორაგბე, ვისთან ერთადაც მითამაშია? ასე გამოყოფა გამიჭირდება, რადგან ძალიან ბევრ ძლიერ და უხეშ ბიჭთან ერთად მითამაშია. თუმცა, რადგან ბაკისზე ჩამოვარდა საუბარი, ვიტყვი, რომ ის ჩემთვის უძლიერესი მეორეხაზელი იყო, ნამდვილი ლეგენდა. მსოფლიოს მასშტაბით, მსგავსი დონის მეორეხაზელი არ შემხვედრია. როდესაც „მონპელიეში“ ვიყავი და ბაკისი „ტულონში“ იყო, ერთმანეთთან შელაპარაკება მოგვივიდა, მაგრამ ორივეს ძალიან კარგად დაგვამახსოვრდა, თამაშის შემდეგ ლუდიც კი დავლიეთ ერთად და როდესაც გუნდელები ვიყავით, ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა.

გამიჭირდა თუ არა კარიერის დასრულება? ამისთვის ვემზადებოდი, ვიცოდი, რომ რთული იქნებოდა, თუმცა, მარადიული არაფერი არის. როდესაც უკან ვიხედები, თითქოს შესაძლებელი იყო უფრო მეტის მიღწევა, მაგრამ გული არაფერზე მწყდება. ჩემი განვლილი კარიერით ძალიან კმაყოფილი ვარ და არაფერს შევცვლიდი.

შეგახსენებთ, რომ მამუკა გორგოძემ 2005-2014 წლებში „მონპელიეს“ შემადგენლობაში 168 შეხვედრა ჩაატარა, „ტულონში“ კი 2014-2019 წლებში 102 მატჩი დაუგროვდა. ამასთან, ლეგენდარული მორაგბის ანგარიშზე „ბორჯღალოსნებში“ 73 კეპია. მამუკა გორგოძემ პროფესიონალური კარიერა 2019 წელს დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
TOP 14-ის სომბოლურ გუნდში - საფრანგეთში ქართველები გამოარჩიეს
TOP 14-ის სომბოლურ გუნდში - საფრანგეთში ქართველები გამოარჩიეს