ყაულაშვილის ლელო - პომ ტულონს მოუგო
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XXIV ტურის შეხვედრა ლექსო ყაულაშვილისთვის წარმატებული გამოდგა. „პომ“ საკუთარ სტადიონზე „ტულონს“ დაძაბულ ბრძოლაში 25:21 მოუგო, მასპინძლების ქართველმა ლეგიონერმა კი თავის ჩვეულ სტილში აიღო მეტოქის ჩათვლის მოედანი და წარმატებაში არცთუ მოკრძალებული წვლილი შეიტანა.
„პოსთვის“ გაცილებით უფრო კარგი პირველი ტაიმი გამოდგა, რომელიც 20:0 მოიგეს და მოწინააღმდეგეს პრაქტიკულად არაფრის გაკეთების საშუალება არ მისცეს. ყოველივე აქედან გამომდინარე, ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ სტუმრები შეხვედრაში დაძაბულობის შეტანას მოახერხებდნენ, მაგრამ მიზნის მიღწევა ბოლომდე ვერ შეძლეს და 4-ქულიანი სხვაობით წააგეს. მასპინძლების რიგებში ყაულაშვილის გარდა სასტარტოში იყო ბექა გორგაძე, ხოლო გურამ პაპიძე მატჩში თადარიგიდან ჩაერთო. ქართველი მორაგბის გარეშე „ტულონსაც“ არ უასპარეზია და მის ღირსებას ბექა გიგაშვილი იცავდა.
24 ტურის შემდეგ „პო“ 52 ქულით მეცხრე პოზიციაზეა, ხოლო „ტულონი“ 68 ქულით მესამე ადგილს იკავებს. TOP 14-ის მომდევნო, რიგით 25ე- ტურის შეხვედრები 31 მაისსა და 1 ივნისს გაიმართება.