ლაშა ოდიშარია
Aa
Aa

დარწმუნებული ვარ, ტოპ 5 ლიგაში ითამაშებს | ვერპაკოვსკისი ოდიშარიაზე ვრცლად გვესაუბრა

ლატვიური რფს-ის აღმასრულებელი დირექტორი მარის ვერპაკოვსკისი, ყველაზე ცნობილი ლატვიელი ფეხბურთელი, ვისი გოლითაც ლატვიის ნაკრები ევრო 2004-ზე გავიდა, გუნდის ქართველი გარემარბის, ლაშა ოდიშარიას შესახებ CrystalSport-ს ესაუბრა.

2024 წლის იანვარში თბილისის „დინამოდან’’ რფს-ში გადასულმა ოდიშარიამ განსაკუთრებული პროგრესი დაცვით უნარებში აჩვენა, ტექნიკური და სწრაფი დრიბლიორი გაცილებით დაბალანსებული გარემარბი გახდა, ევროპა ლიგაზე ძლიერ კლუბებთან თავი კარგად წარმოაჩინა, ივნისში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ითამაშებს და შესაძლოა ზაფხულში გაცილებით მაღალი დონის კლუბსა და ჩემპიონატში ვიხილოთ. მარის ვერპაკოვსკისის თქმით, კლუბი ლაშასთან დაკავშირებით წინადადებებისთვის ღიაა და იმედოვნებენ, რომ ზაფხულში კლუბები ლაშას ტრანსფერზე იაქტიურებენ.

ეროვნულ ნაკრებში მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე მაღალი დონის შემტევი გვჭირდება, რომელიც ძლიერ ევროპულ კლუბში თამაშის პარალელურად ნაკრებს დიდ სარგებელს მოუტანს. პრობლემურ პოზიციაზე პერსპექტივაში საუკეთესო ვარიანტად ოდიშარიას მივიჩნევ. ამ თემაზე CrystalSport-ის ახალ პროექტში, „კონტრ-შეტევაში'' ვისაუბრეთ. შეგიძლიათ, ვიდეოს Youtube-ში უყუროთ და თქვენი აზრები კომენტარებში დააფიქსიროთ.

CrystalSport-ის ინტერვიუ რფს-ის აღმასრულებელ დირექტორ მარის ვერპაკოვსკისთან, რომელიც ლაშას შესახებ ვრცლად საუბრობს.

როდესაც ლაშა ოდიშარიას გუნდში მიყვანა გადაწყვიტეთ, რა იყო თქვენი გადაწყვეტილების საფუძველი? მისმა რომელმა უნარებმა მიიპყრო თქვენი ყურადღება?

სკაუტინგის პროცესში ჩვენთვის უპირველესად საინტერესო მისი ტექნიკა, სისწრაფე და დრიბლინგი იყო. ერთი-ერთზე თამაშისას ნამდვილად კარგი იყო. დრიბლინგზე ხშირად მიდიოდა და საკმაოდ წარმატებით.

ლატვიურ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ ლაშას მიმართ შესაძლო ტრანსფერზე რეალური ინტერესია. როგორ ფიქრობთ, ზაფხულში მისი შენარჩუნება გაგიჭირდებათ?

- დიახ, შესაძლოა მისი გუნდში დატოვება რთული იყოს, მაგრამ ჩვენი მიზანი არ არის, რომ ლაშა რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ. ბედნიერები ვიქნებით, თუ საინტერესო წინადადებებს მივიღებთ და კარიერას უფრო ძლიერ კლუბსა და ჩემპიონატში გააგრძელებს.

ასევე, ზაფხულში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალური ეტაპია, იქ საქართველოს ნაკრებში ითამაშებს, ლაშა სასტარტო 11-ეულის ფეხბურთელია. ამგვარად, შესაძლოა ზაფხულში სერიოზული ინტერესი იყოს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ. როგორც გითხარი, ჩვენი მიზანი არ არის, რომ რაც შეიძლება დიდი დროით შევინარჩუნოთ.  მას შეუძლია უფრო ძლიერ კლუბსა და ჩემპიონატში ითამაშოს, განვითარდეს და დარწმუნებული ვარ ეროვნულ ნაკრებში დებიუტი დროის საკითხია.

- მას შემდეგ რაც ლაშა რფს-ში გადმოვიდა, როგორ შეაფასებთ მის პროგრესს? თქვენი აზრით, რა უნარები გააუმჯობესა?

- ძალიან კარგი პროგრესი აქვს და ჩვენ ამით ბედნიერები ვართ. ახლა ის გაცილებით თავდაჯერებულია ვიდრე ჩვენთან გადმოსვლისას იყო. როგორც ასრულებს დრიბლინგს და როგორც ქმნის შანსებს, ეს ნამდვილად კარგია. კიდევ ერთი ასპექტი, სადაც მას დიდი პროგრესი აქვს, დაცვითი უნარების გაუმჯობესებაა. ევროპა ლიგაზე ძლიერ გუნდებთან მარცხენა „ვინგბექის’’ პოზიციაზე ითამაშა. საქმე კარგად შეასრულა. არ ვგულისხმობ მხოლოდ შეტევას, „გალათასარაის’’ გოლი გაუტანა და საგოლე შანსებს ქმნიდა, მხედველობაში დაცვაში თამაშიც მაქვს, დაცვითი უნარები გააუმჯობესა, ამ მხრივ ნამდვილად დიდი პროგრესია.

- როგორ შეაფასებთ ლაშას თამაშს „გალათასარაისთან’’ და „აიაქსთან’’ მატჩებში?

- მისი თამაშით ბედნიერი ვართ. შეგიძლიათ ნახოთ როგორი კარგი ფეხბურთელია, როგორ ითამაშა კარგი გუნდების წინააღმდეგ, მაღალ დონეზე. შეტევაში ბევრი შანსი შექმნა და დაცვაში ძალიან კარგად ითამაშა. ასე რომ, ლაშა მზადაა ძლიერი გუნდების წინააღმდეგ მაღალ დონეზე ითამაშოს. ეს კარგი სიგნალი იყო, ამ თამაშების შემდეგ ლაშას თავდაჯერება გაიზარდა.

- მესმის რომ ზუსტად თქმა რთულია, ფეხბურთელის კარიერის განვითარებაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, მაგრამ თქვენი ვარაუდით, რა შეიძლება იყოს ლაშას კარიერის მაქსიმალური ნიშნული?

- თუ დამოკიდებულებას არ შეცვლის და კვლავ ასეთი პროფესიონალიზმით იმუშავებს, ამის თქმა რთულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ტოპ 5 ლიგაში ითამაშებს. შესაძლოა, ამ გუნდს ჩემპიონის ამბიცია ჰქონდეს, ცხრილის შუაში იყოს ან აუტსაიდერთა შორის - ამას ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მგონია, რომ შეუძლია ტოპ 5 ლიგის ფეხბურთელი გახდეს. მაღალ დონეზეა, მომავალშიც ისე უნდა იშრომოს, როგორც ახლა მუშაობს. შესაძლოა, კვარაცხელიას მსგავსი კარიერა არ ჰქონდეს, მაგრამ ის ნამდვილად ტალანტია, ნიჭიერი ბიჭია. მისი წარმატების მჯერა და ვიცი რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლია.

- რა პიროვნულ თვისებებს ავლენს ლაშა გასახდელში? ჰგავს სხვა ქართველ ფეხბურთელებს, ვისთანაც ერთადაც გითამაშიათ ან მუშაობდით?

- ის ნამდვილად არაა ტიპური ქართველი, რომელთაც სისხლი უდუღთ. მორცხვი და მოკრძალებულია, ძალიან კარგი ბიჭია, კარგი თანაგუნდელია. გასახდელში ყველას უყვარს, ფეხბურთელებსა თუ სამწვრთნელო სტაფის წევრებს. კლუბში ყველას უყვარს და ყველა ბედნიერია, რომ ლაშა ჩვენს გუნდშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ნაკრებში (U21) თამაშით ამაყია | იეგოიანი სომხეთის ვარიანტს არ განიხილავს
საქართველოს ნაკრებში (U21) თამაშით ამაყია | იეგოიანი სომხეთის ვარიანტს არ განიხილავს