„მსოფლიო კლასის ფეხბურთელია“ | ვალენსიაში მამარდაშვილზე ისაუბრეს
„ვალენსიას“ ფეხბურთელმა, ლუის რიოხამ გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა. „მამარდამ“ „მესტალიაზე“ ბოლოჯერ ითამაშა და „ბილბაოსთან“ მატჩის შემდეგ, რიოხამ ქართველ თანაგუნდელს მსოფლიო კლასის ფეხბურთელი უწოდა.
„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, გიორგიმ ამ კლუბისთვის ბევრი რამ გააკეთა. ის მსოფლიო კლასის ფეხბურთელია და ძალიან დიდ და მნიშვნელოვან კლუბში, გრძელი კარიერა ელოდება“.
„ბილბაოსთან“ მატჩის შემდეგ, მამარდაშვილზე „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლოს კორბერანმაც ილაპარაკა. „ღამურების“ დამრიგებელი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და „მამარდას“ მიერ ნაჩვენები თამაში შეაფასა: „მართალია, რომ ჩვენმა მეკარემ ტოპ დონის ინდივიდუალური ძალისხმევა გაიღო, მაგრამ ტაქტიკურად, სათანადო რეაქცია არ გვქონია და ბერენგერისთვის შეტევის დაგვირგვინება არ გაგვირთულებია“.
ცნობისთვის, ესპანეთის ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მამარდაშვილმა „ვალენსიას“ შემადგენლობაში 33 მატჩი ჩაატარა. გიორგიმ 47 გოლი გაუშვა და კარი მშრალად რვაჯერ შეინახა. შეხვედრის შემდეგ, ქართველი მეკარის მიერ გამოქვეყნებული წერილით თუ ვიმსჯელებთ, მან „ვალენსიას“ მაისურით ბოლოჯერ ითამაშა.