29-ე ნომერს მოუგო | ბასილაშვილი ბორდოს ჩელენჯერის ნახევარფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილი ბორდოს ჩელენჯერზე ასპარეზობს და ნახევარფინალში გავიდა. მეოთხედფინალში, ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის 29-ე ნომერს, ბრენდონ ნაკაშიმას დაუპირისპირდა და სამ სეტში იმარჯვა - 6:2, 6:7(4), 6:3.
პირველი პარტია ბასილაშვილის უპირატესობით დაიწყო. ნიკოლოზმა ბრეიკი პირველივე მოწოდებაზე შეასრულა, თავად უშეცდომო იყო და მეტოქისთვის ბრეიკპოინტი არ მიუცია. 4:2-ზე, ბასილაშვილმა ნაკაშიმას მოწოდება კიდევ ერთხელ აიღო და საბოლოოდ, პირველ სეტში 6:2 იმარჯვა.
მეორე პარტია იმავე სცენარით დაიწყო. ბასილაშვილმა პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა, თუმცა ამჯერად, ნაკაშიმა დაბრუნდა და საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, რომელიც ამერიკელმა ჩოგბურთელმა 7:4 მოიგო. მესამე სეტში, გადამწყვეტი მეოთხე გეიმი აღმოჩნდა, რომელშიც ნიკოლოზმა მეტოქის ჩაწოდება მოიგო და საქმე ბოლომდე მიიყვანა - 6:3.
ცნობისთვის, ბასილაშვილის მეტოქის ვინაობა დღეს გაირკვევა. ნიკოლოზი ტალონ გრიკსპურისა და ტერენს ატმანის წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.