მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი
Aa
Aa

UFC-ის ყველაზე ცუდი მებრძოლები, რომლებიც არ აგებენ | მათ შორის მერაბიც დაასახელეს

The Fighting Business-ი იუთუბ არხია, რომლის ბოლო ვიდეოს სათაურიც ასეთია - „UFC-ის სამი ყველაზე ცუდი მებრძოლი, რომლებიც გამარჯვებების მოპოვებას არ წყვეტენ“.  The Fighting Business-მა სამეულში მერაბ დვალიშვილი შეიყვანა და განაცხადა, რომ „მანქანა“ სასურველ შედეგს მხოლოდ და მხოლოდ კარდიოს წყალობით აფიქსირებს.

„როცა ოქტაგონზე ორი მებრძოლი გადის, გამარჯვება რჩება მას, ვინც უკეთესი უნარებით გამოირჩევა. ეფექტური სტრაიკერი სწრაფ, სუფთა და ზუსტ დარტყმებს ახორციელებს, გამოცდილ გრეპლერს კი მეტოქე პარტერში გადაჰყავს და იქ ანადგურებს. ყველაფერი უნარებს უკავშირდება და სხვა არაფერს, თუმცა არის შემთხვევები, როცა არც თუ ისე გამორჩეული უნარების მქონე მებრძოლი გამარჯვებას მაინც ზეიმობს და ეს ხშირად გვინახავს. UFC-ში არიან მებრძოლები, რომლებიც არც დგომში გამოირჩევიან და არც პარტერში, მაგრამ არა და არ მარცხდებიან და გამარჯვებას გამარჯვებაზე ზეიმობენ. ერთ-ერთი მათგანი მერაბ დვალიშვილია.

მერაბ დვალიშვილმა ჟოზე ალდო და პიოტრ იანი დაამარცხა და მიუხედავად იმისა, რომ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ორი ყველაზე გამანადგურებელი მეტოქის წინააღმდეგ იასპარეზა, ჩალურჯებებიც კი არ მიუღია. როგორ მოახერხა ეს? როგორ დაამარცხა ლეგენდარული ჟოზე ალდო და პიოტრ იანი? რასთან გვაქვს საქმე? მერაბი ყოველ ჩხუბში, თეიქდაუნების მცდელობების პირად რეკორდს ამყარებს და მისი წარმატების საიდუმლო სწორედ ესაა. მას მეტსახელად მანქანას ტყუილად არ ეძახიან. დვალიშვილს ზებუნებრივი კარდიო აქვს, რომლის დახმარებითაც ისეთ შედეგს მიაღწია, როგორიც ერთ ბრძოლაში თეიქდაუნების 49 მცდელობაა.

ალჯამეინ სტერლინგისგან განსხვავებით, რომელიც ცდილობს, მეტოქე პარტერში გადაიყვანოს და იქ იმუშაოს, დვალიშვილის თეიქდაუნების მცდელობების მიზანი მეტოქის მოძრაობისა და შეტევების შეფერხებაა. მერაბი არასდროს ჩერდება და თეიქდაუნების 5 მცდელობის მოგერიების შემდეგ, სუნთქვა გიძნელდება. მე-10 მცდელობის მოგერიების შემდეგ, გინდება, ყური მოაჭამო, რადგან უბრალოდ არ გიშვებს. აი, 30-ე მცდელობის შემდეგ, უკვე განადგურებული ხარ, აღარ იცი, რა გააკეთო და მენტალურ კოლაფსთან ძალიან ახლოს იმყოფები. შენდა სამწუხაროდ, ეს დასასრული არაა და დვალიშვილი თეიქდაუნების განხორციელებას კიდევ, და კიდევ, და კიდევ ცდის. უნარების მხრივ, მერაბი ალბათ, იმ გალაქტიკაშიც არაა, რომელშიც ალდო და იანი იმყოფებიან, მაგრამ მისი კარდიო, საშუალებას აძლევს, სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ნებისმიერი მებრძოლი ღრმა წყალში ჩაიყვანოს“, - აცხადებს The Fighting Business-ი.

ცნობისთვის, დვალიშვილის გარდა, UFC-ის ტოპ 3 ყველაზე ცუდ მებრძოლს შორის, რომლებიც არა და არ მარცხდებიან, დრიკუს დუ პლესი და მერაბის მეგობარი, ალჯამეინ სტერლინგი მოხვდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები