ფინალში გასვლა დავიმსახურეთ - ენრიკე შვიდ ფეხბურთელს დაასვენებს
ლიგა 1-ის ლიდერი პსჟ, რომელმაც ჩემპიონობა გაინაღდა, „მონპელიესთან’’ გასვლით მატჩში შვიდ ფეხბურთელს დაასვენებს. PSG Inside-ს ცნობით, „მონპელიესთან’’ დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, მენდეში, პაჩო, რუიზი და ვიტინია არ ითამაშებენ.
ლუის ენრიკემ კლუბის ტელევიზიასთან საუბარში განაცხადა: „ჩვენი თამაში საამაყოა. ასევე, ვამაყობ ქომაგებთან კავშირით, განსაკუთრებული და ძალიან მნიშვნელოვანია. მთელი სეზონის განმავლობაში შედეგიანები ვართ, ეს აჩვენებს მენტალურ ხარისხს და იმ უნარს, რომ ყოველი მატჩის მოგებას ვცდილობთ. დროა შანსი მივცეთ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მთელი სეზონის განმავლობაში მნიშვნელოვანნი იყვნენ. ასევე, ახალგაზრდა ფეხბურთელებს’’.
კლუბის ტელევიზიასთან საუბრის შემდეგ ენრიკე პრესკონფერენციაზე გამოცხადდა: „ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს პირველი ფინალი იქნება ქომაგებთან ერთად. მათ გარეშე ნამდვილი ფინალი არაა. გუნდი, რომელიც ამდენხნიანი ლოდინის შემდეგ ფინალში გასვლას იმსახურებდა, ჩვენ ვართ. იმედი მაქვს, „ინტერს’’ დავამარცხებთ’’.
ლიგა 1-ის მომდევნო ტურში, ათ მაისს პსჟ „მონპელიეს'' ესტუმრება, თამაში 23:00 საათზე დაიწყება.
საფრანგეთის თასის ფინალში, 24 მაისს პსჟ „რეიმსს’’ დაუპირისპირდება. 31 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-სა და „ინტერის’’ შეხვედრა შედგება.