დიდი 10, რუსთავის ხარები, ბათუმის ბათუმი
Aa
Aa

დიდი 10 | 30 წლიანი პაუზის შემდეგ, რუსთავის ხარები საქართველოს ჩემპიონია

2022-23 წლის სეზონის დაგვირგვინება „ავჭალა არენაზე“ გაიმართა: დიდი 10-ის ფინალში რუსთავის “ხარები” და ბათუმის “ბათუმი” შეერკინნენ. დრამატულ ბრძოლაში რუსთავის ხარებმა 24:22 იმარჯვა და 30 წლის შემდეგ პირველად იჩემპიონა. მოედანზე მრავლად იყო რუსთავის და ბათუმის გულშემატკივარი, მათი ჭაბუკთა და ბავშვთა გუნდები, თუმც სტადიონს არც ნეიტრალური ფანობა აკლდა.

თამაში ძალიან საინტერესოდ და ინტრიგულად დაიწყო, მე-3 წუთზე ბათუმელების ხელდახელ შეტევას და ანზორ სიჭინავას კონტაქტს ხარების მხრიდან სანდრო ილურიძის უხეში ბოჭვა მოყვა, რაც ვიდეო-რეფერის გადამოწმების შემდეგ წითელ ბარათად ჩაითვალა და რუსთაველები მთელი მატჩის განმავლობაში კაცნაკლულნი დარჩნენ.

ამით ისარგებლა ბათუმმა და ნინიძის ჯარიმით დაწიუნაურდა (0:3). შემდეგ მეტოქეზე წნეხი გაზარდა, კარგად აგორებული მოლი კი ნუკრი ფერსელიძემ დააგვირგვინა, ნინიძემ გარდასახა და სხვაობა 10 ქულიანი გახდა. 15 წუთისთვის ბათუმის ხაზმა ჩინებული უნარები გამოამჟღავნა, რამდენიმე ოფლოუდის შემდეგ გუნდის 9-ნომერი კლდიაშვილი ლელოში შეფრინდა, მაგრამ ტელე-რეფის გადამოწმებით, წინ თამაშის გამო ლელო გაუქმდა და თამაშში ინტრიგა დარჩა, თორემ უეჭველია 14-კაციან  რუსთავს 17 ქულიანი სხვაობის გაბათილება გაუჭირდებოდა.

ამ შანსით რუსთავი გამოფხიზლდა და თავისი ძლიერი იარაღი – მოლი კარგად აამუშავა. წინა წლის საუკეთესო მელელოვე – ლევან ჭავჭავაძე ხარების მოლს კარგად გაუძღვა და ბათუმი დაალელოვა (5:10). მორალური უპირატესობა რუსთავმა შემდეგ შეტევებშიც გააძლიერა და მეტოქეს ნახევარზე სწრაფად გადავიდა, მაგრამ სწრაფ შეტევებში მგეზავ ბასილაიას შეცურებულზე დაუფარეს, გიორგი წიკლაურმა ოვალი იხელთა და 60 მეტრი ირბინა (5:15).

რუსთავი მაინც არ გატყდა, მოკლე აიღე და მიეძალეთი ბათუმს ჯობნიდა, რაქშიც კარგად ირჯებოდა და საჭირო ჯარიმებს იმუშავებდა, რასაც ბათუმელი სვანიძის გასინბინება მოყვა. ჯარიმა კიდეზე გადაიტანეს, ისევ მოლი ააგორეს და ჭავჭავაძემ რუსთავის მრავალი გულშემატკივარი ისევ გაახარა. ამჯერად სეზონის მოწინავე მექულე პეტრიაშვილი ზუსტი იყო 12:15.

უნდა აღინიშნოს, ბათუმი ზედიზედ მე-4 თამაშს თამაშობდა, რუსთავი კი 2-2 კვირის შუალედში მე-2 თამაშს ატარებდა. ზღვისპირელებს დაღლა დაეტყოთ, რუსთავმა კი ძალები ისევ მოიკრიბა, ხელდახელ შეუტია, ისევ ჯარიმა და ისევ მოლი გაახურა. ამჯერად ბათუმი მიწოლას გაუმკლავდა, მაგრამ მოკლე ფრთაზე ჭავჭავაძემ რომ ახეირა ეფრემიძე რუსთავი თამაშში პირველად დაწინაურდა 17:15 და ტაიმიც მორჩა.

მეორე ტაიმში იყო დიდი ჯახი და ბრძოლა, გაკეთდა ბევრი შეცვლა, მაგრამ თამაშის მიმდინარეობა დიდათ ვერ შეცვალა. ბათუმი უტევდა ერთფეროვნად – დაღლა ეტყობოდათ, რუსთავი კი მედგრად თავს იცავდა, ფეხით თამაშობდა და ცდილობდა მეტოქე საკუთარ მოედანზე დაეტოვებინა.

დასკვნით 20 წუთში ნამდვილი დრამა ვიხილეთ, ხარების კარგი შეტევით და ნათელაშვილის ჩინებული გადაკიდებულით, რუსთაველი ქანდაურიშვილი გმირად მოევლინა ქალაქს: გადაასწრო 2 მოწინააღმდეგეებს და ბურთი ლელოში დაამიწა, პეტრიაშვილმა ურთულესი გარდასახვა გაიტანა 24:15.

5 წუთში ბათუმმა ასევე ლელოთი უპასუხა, შეცვლაზე შემოსულმა დურმიშხან ჯაბნიძემ და ზურა ძნელაძემ ბურთი კარგად გაითამაშეს და ოდენ მთელი რუსთავის ხაზი გააბითურეს, ნინიძემ აქაც ურთულესი გარდასახვა გაიტანა და ჩამორჩენა ორ ქულამდე დავიდა 24:22.

ბოლო 7 წუთში ბათუმი უტევდა, რუსთავი კი მედგრად იდგა და მეტოქეს რაქშიც ჯაბნიდა. საბოლოოდ იღბალი რუსთავის მხარეს გადაიხარა, დრო ჭკვიანურად გაიყვანეს და აუტზე გადაიტანეს, რითიც 30 წლის უტიტულობა დაასრულეს და ქვეყნის ჩემპიონი მეორედ გახდნენ. აღსანიშნავია, რომ წელს რუსთავმა ბათუმს 3-დან 3-ივე მატჩი მოუგო და დიდი 10-ის ტიტული დამსახურებულად მოიპოვა. ბათუმი კი ბოლო 4 სეზონში 4-ივე ფინალის მონაწილე, მედლებს თანაბრად იყოფს: 2 ოქრო, 2 ვერცხლი, რაც შავიზღვისპირელებისთვის ჩინებული შედეგია.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გურამ ქანდაურიშვილი გახდა.

რუსთავის „ხარებმა“ ჩემპიონობა 2 წლის წინ, ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაღუპული თანაგუნდელის, ნიკა კევლიშვილის ხსოვნას მიუძღვნეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შავი ლომი | შემადგენლობა ტურნეს დასკვნითი თამაშისთვის
შავი ლომი | შემადგენლობა ტურნეს დასკვნითი თამაშისთვის