6 ლელო - საქართველომ ნიდერლანდებს დიდი ანგარიშით მოუგო
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს ესტუმრა და დიდი ანგარიშით 40:8 დაამარცხა.
პირველი ნახევარი მაღალ ტემპში წარიმართა და შანსები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა „ბორჯღალოსნები“ უკეთ გამოიყურებოდნენ და 12:3-იც მოიგეს.
პირველი ლელო მე-11 წუთზე გელა აფრასიძის გარღვევის შედეგად დავით ნინიაშვილმა დადო. გარდასახვა აბჟანდაძემ მარტივად გაიტანა და 7:0.
მე-15 წუთზე მასპინძლებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მიიღეს და აუტზე გადატანას რეალიზებული 3 ქულა ამჯობინეს და ანგარიში 3:7 გახადეს.
მე-20 წუთზე აუტის შემდეგ, „ბორჯღალოსნების მიძალებას მეტოქემ ვერ გაუძლო და ვლადიმერ ჩაჩანიძემ შეხვედრაში მეორე ლელო დააფიქსირა - 12:3.
მეორე ტაიმში სიტუაცია არ შეცვლილა და თამაში იგივე სცენარით წარიმართა. 44-ე წუთზე გიორგი ჭყოიძის ლელო. მასპინძლებმა ჩვენს მიძალებას ვერც ამჯერად გაუძლეს. კლასში სხვაობა აშკარა იყო. თედო აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 19:3.
53-ე წუთზე გიორგი ჭყოიძემ მეორე ლელოც დადო და შეხვედრას პრაქტიკულად წერტილი დაუსვა. მისთვის ეს ეროვნულ ნაკრებში მე-6 ლელო იყო. – 3:26
63-ე წუთზე ნიდერლანდებმა ლელოს დადება და ანგარიშის შემცირება შეძლეს, რაც ასევე ჩვენი კაცნაკლული დარჩენით დასრულდა. მასპინძლებმა კარგი შანსი მიიღეს, რომ სხვაობა კიდევ უფრო შეემცირებინათ.
68-ე წუთზე კარგი აუტისა და მოლის შემდეგ, მიხეილ გაჩეჩილაძემ მოედანზე შემოსვლიდან მალევე ლელოს დადება შეძლო. მატკავამ ზუსტად გარდასახა და ანგარიში 33:8 გახდა. მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება ვერ შეძლეს.
76-ე წუთზე აბდალაძე-მატკავას ლამაზი კომბინაცია მიშო გაჩეჩილაძემ ლელოთი დააგვირგვინა. ეს მისთვის შეხვედრაში მეორე ლელო იყო.
ამ შეტევის შემდეგ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 40:8. „ბორჯღალოსნებმა“ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება გაიფორმეს და პრემიალური ქულაც აიღეს.
შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ავჭალაში გერმანიას უმასპინძლა და დამაჯერებლად 75:12 დაამარცხა.