„ტრანსფერს მთავარი მწვრთნელი ითხოვს“ - მიქაუტაძე ვულვზის რადარზე
„ლიონის“ ქართველმა ფორვარდმა, გიორგი მიქაუტაძემ შესაძლოა კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში, „ვულვერჰემპტონში“ გააგრძელოს. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Foot01 იტყობინება.
რას წერს გამოცემა:
„მას შემდეგ, რაც „ლიონმა“ რაიან შერკი, ტიაგო ალმადა, ალექსანდრ ლაკაზეტი და ლუკას პერი დაკარგა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ ჟურნალისტებთან საუბარში მკაფიოდ აღნიშნა, რომ კორენტენ ტოლისოს და გიორგი მიქაუტაძის შენარჩუნება სურს.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა იცის, რომ „ლიონი“ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ მიიჩნევს, რომ გუნდის შენება ახალი კაპიტნისა და 24 წლის ქართველი ფორვარდის გარშემო უნდა გაგრძელდეს. ანალოგიური სურვილი გამოთქვა თავად მიქაუტაძემაც, რომელსაც კონტრაქტი კლუბთან 2028 წლამდე აკავშირებს, თუმცა ინგლისის პრემიერლიგაში ქართველი ფორვარდის მიმართ ინტერესი კვლავ არსებობს. მიქაუტაძის შეძენით „ვულვერჰემპტონია“ დაინტერესებული.
მატეუს კუნიას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის შემდეგ „მგლების“ შეტევა გაძლიბერებას საჭიროებს. კუნიას სანაცვლოდ „ვულვერჰემპტონმა“ 75 მილიონი ევრო მიიღო, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში ისინი „ლიონის“ ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებას შეძლებენ. კლუბს უკვე შეუერთდნენ ცენტრფორვარდი იორგენ სტრანდ ლარსენი და გარემარბები - ფერ ლოპესი და ჯონ არიასი, თუმცა მთავარი მწვრთნელი ვიტორ პერეირა მიქაუტაძის ტრანსფერსაც ითხოვს“.
ცნობისთვის, „ლიონმა“ მიქაუტაძე შარშან „მეციდან“ 18.5 მილიონ ევროდ შეიძინა. მშობლიურ კლუბში დაბრუნებულმა მიქაუტაძემ გასულ სეზონში 47 მატჩში 17 გოლი და 11 ასისტი მოაგროვა.