გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

„მსოფლიოზე გასვლა რთული იქნება“ | ჩაკვეტაძემ უოტფორდზე და საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა

„უოტფორდის“ ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი ჩაკვეტაძემ Watfordobserver-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. „ჩაკვემ“ დაასახელა პოზიცია, რომელზეც უნარებს საუკეთესოდ წარმოაჩენს და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მოახლოებულ მატჩებსაც შეეხო.

„გასულ სეზონში გაგვიჭირდა — ბოქსინგ დეის შემდეგ ბევრი თამაში წავაგეთ. რა თქმა უნდა, დაცვაში უკეთ უნდა ვიასპარეზოთ, მაგრამ შეტევაშიც ბევრ ასპექტში გვაქვს მოსამატებელი. გუნდში არაერთი ახალი შემტევია და ვიმედოვნებ, ყველაფერი გამოგვივა.

როდესაც უოტფორდში პირველად მოვედი, ბოლომდე მზად არ ვიყავი, რომ უმაღლეს დონეზე სტაბილურად მეთამაშა. დრო დამჭირდა და ერთი წლის გასვლის შემდეგ თავი უკეთესად ვიგრძენი. საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშე, რაც სრული სიგიჟე იყო, შემდეგ კი გუნდში დავბრუნდი და უოტფორდისთვის მაქსიმუმს ვაკეთებ.

ბავშვობიდანვე მომწონდა, ბურთის წაღება და დრიბლინგი. როდესაც ბურთი მაქვს, ვცდილობ, რაღაც გავაკეთო - პასი, დრიბლინგი. ეს ჩემი სტილია. ვგრძნობ, რომ გულშემატკივრებს ჩემი სჯერათ და ისინი მუხტს მაძლევენ. ყოველი მატჩისას მსურს, რომ რაღაც განსაკუთრებული შევქმნა.

ათიანის პოზიციაზე თამაში ძალიან მომწონს. შემიძლია, მარცხენა ან მარჯვენა ფლანგიდან შევიწიო ცენტრისკენ. მომწონს, როდესაც ათიანის პოზიციაზე თავისუფლება მაქვს და შემიძლია, ორივე ფლანგზე გადავიწიო. ვფიქრობ, ეს ჩემი საუკეთესო პოზიციაა. ბევრი სწრაფი თავდამსხმელი გვყავს, რაც ჩემს თამაშზეც დადებითად აისახება.

გასულ სეზონში მონაწილეობა 41 შეხვედრაში მივიღე და მხოლოდ ორი გოლი გავიტანე. უფრო მეტი ბურთი უნდა შევაგდო და მეტი საგოლე გადაცემის გაკეთებაც მინდა. გასულ სეზონში შემეძლო, მარტივი გოლები გამეტანა, მაგრამ რამდენიმე შანსი ვერ გამოვიყენე. ვფიქრობ, ეს არის კომპონენტი, რომლის გაუმჯობესებაც შემიძლია.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი თამაში ვითამაშოთ. ევროპის ჩემპიონატზე პირველად ვიასპარეზეთ და ძალიან კარგი გამოცდილება მივიღეთ. მშვენივრად გამოვედით, თავს გიჟურად ვიცავდით და ვცდილობდით, ლამაზი კონტრშეტევებით გვეთამაშა. მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვება რთული იქნება, რადგან ჯგუფში ესპანეთი, ბულგარეთი და თურქეთი გვყავს, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ.“

შეგახსენებთ, რომ „უოტფორდი“ სეზონს 9 აგვისტოს იწყებს და „კრაზანები“ პირველ შეხვედრას სტუმრად, „ჩარლტონის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სპორტული დირექტორის რჩეულია | ჯანლუკა დი მარციო გოგლიჩიძეს კალიარის უკავშირებს
სპორტული დირექტორის რჩეულია | ჯანლუკა დი მარციო გოგლიჩიძეს კალიარის უკავშირებს