დვალიშვილი VS იანი - ცნობილია, ვინ იქნებიან ბრძოლის მსაჯები
6 დეკემბერს, UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი 2025 წელს მე-4 სატიტულო ჩხუბს გამართავს. ქართველი მებრძოლი ქამრის დაცვას პიოტრ იანის წინააღმდეგ ეცდება. ბრძოლა UFC 323-ის ეგიდით, ლას-ვეგასში ჩატარდება.
ცოტა ხნის წინ, ნევადის ათლეტურმა კომისიამ ორთაბრძოლის მსაჯები შეარჩია და მათი გადაწყვეტილებით, მერაბისა და პიოტრ იანის ოქტაგონის რეფერი მარკ გოდარდი იქნება, რომელიც აქამდე „მანქანის“ მხოლოდ ერთ ბრძოლაში იყო ოქტაგონის მსაჯი, როდესაც დვალიშვილმა რამდენიმე თვის წინ ტიტული კორი სენდჰეგენთან დაიცვა. უფრო ადრე, 2018 წელს გოდარდი რიკი საიმონთან ბრძოლაში ერთ-ერთი შემფასებელი მსაჯი იყო და დვალიშვილის საკამათო მარცხშიც მიუძღვის ბრალეულობა. ცნობილია, რომ მარკ გოდარდი ამ ჩხუბიდან 2900 დოლარს მიიღებს.

ასევე, მერაბისა და იანის ბრძოლაში შემფასებელი მსაჯები იქნებიან მაიკ ბელი, დერეკ კლირი და ერიკ კოლონი. ისინი ამ ბრძოლიდან 2500-2500 დოლარს მიიღებენ.
ამავე ღონისძიებაზე, კიდევ ერთი სატიტულო ბრძოლა უმსუბუქეს წონით დივიზიონში, ალეშანდრე პანტოჟასა და ჯოშუა ვანს შორის ჩატარდება. ამ დაპირისპირების მთავარი მსაჯი კი ჰერბ დინი იქნება.