„ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვარ“ - ალექსანდრე თოფურიას ინტერვიუ UFC-სთან
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ალექსანდრე თოფურიამ, ბრძოლის კვირის აქტივობების ფარგლებში ინტერვიუ UFC-ის ოფიციალურ გვერდთან ჩაწერა და სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.
ალექსანდრე თოფურიას ინტერვიუდან:
„ძალიან მიხარია, რომ UFC-ის დიდ სცენაზე გზას ჩემს ძმასთან ერთად ვიზიარებ. ადრე მხოლოდ მწვრთნელის ამპლუაში ვიყავი, ახლა კი ჩემს როლს ილია ასრულებს. ეს ძალიან მომწონს. გზა, რომელსაც გავდივარ, ნამდვილად მსიამოვნებს.“
რომელმა მომენტმა მოგანიჭათ მეტი სიამოვნება, თქვენმა გამარჯვებამ თუ ილიას ქამრის მოგებამ?
„ვერ შევადარებ ჩემს გამარჯვებას იმ ემოციებს, როდესაც მან ქამარი მოიგო. როდესაც ილიამ ქამარი მოიგო, ეს ცოტა განსხვავებული ემოცია იყო. შემიძლია ვთქვა, რომ მისი ბრძოლის წინ ისე ვნერვიულობ, რომ ასე ჩემს ბრძოლებზე არ მინერვიულია, ახლოსაც კი არ ვარ იმ შეგრძნებასთან. როდესაც ილია იმარჯვებს, ჩემში რაღაც ფეთქდება. საკუთარ ბრძოლებში დიდ ძალისხმევას ვდებ, ილიას ბრძოლებზე კი ემოციურად ვიღლები, ამიტომ ეს ცოტა განსხვავებული ემოციებია. მისი მოგების დროს ისე ვარ, რომ ბოლოს ყვირილს ვიწყებ. როდესაც კოლბი თიქნესთან მოვიგე, ბრძოლის შემდეგ არაფერი მითქვამს. უბრალოდ მადლიერი ვიყავი, ღმერთს მადლობა გადავუხადე და ჩემი გუნდის მიმართ გამოვხატე მადლიერება. მაგრამ როდესაც ილია იგებს, ემოციური და გიჟი ვხდები.“
პირველი ბრძოლის ემოციები?
„სანამ ავსტრალიაში გავემგზავრებოდი და ბრძოლის კვირა დაიწყებოდა, უკვე მე განვიცდიდი იმ სიტუაციას, რომელსაც ისედაც გავდიოდი ჩემს ძმასთან ერთად, ოღონდ შედარებით გვერდიდან, დამკვირვებლის როლში, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ამჯერად ცოტა განსხვავებული იქნებოდა. თუმცა, როდესაც ბრძოლის კვირა დაიწყო, უცხო სიტუაცია არ ყოფილა, რადგან მივხვდი, რომ ასეთ სიტუაციაში ბევრჯერ ვყოფილვარ. ამჯერად უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებდი, ვიდრე მაშინ, როდესაც ილია იბრძოდა. ილიას ბრძოლის კვირებზე უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო და ჩემს ძმაზე მაქსიმალურად უნდა ვიყო კონცენტრირებული. ამიტომ, როდესაც ჩემი ბრძოლის კვირაა, უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ. ერთადერთი უარყოფითი წონის კლებაა. მაგრამ თუ კილოგრამები არ მაქვს დასაკლები, ჩვეულებრივი კვირაა: ვვარჯიშობ, ვჭამ, ვისვენებ და მხოლოდ ბრძოლაზე ვფიქრობ. ეს სასიამოვნო და კარგია.“
„რა გაკვეთილი მივიღე UFC-ში პირველი ბრძოლისგან? ვისწავლე, რომ უფრო მეტად უნდა ვისიამოვნო. არ ვამბობ, რომ პირველი ბრძოლით სიამოვნება არ მიმიღია, მაგრამ უფრო მეტად უნდა ვისიამოვნო. პირველ ბრძოლაზე ცოტა მეტი კითხვა იყო და ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და კითხვები კიდევ არსებობს, მაგრამ ახლა თავს შედარებით კომფორტულად და უფრო თავისუფლად ვგრძნობ. ახლა უფრო მეტად მსიამოვნებს და ვისწავლე, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებ, უნდა მოგწონდეს და გსიამოვნებდეს. ზეწოლა, კითხვები და ეჭვები ყოველთვის იქნება, მაგრამ მთავარია, რომ მთელი ამ პროცესით სიამოვნებას იღებდე.“
ნერვიულობთ თუ არა ამ ბრძოლაზე?
„არაფერზე ვნერვიულობ, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვარ, ეს არის განსხვავება წინა ბრძოლასთან. ვინერვიულებდი, თუკი ყველაფრისთვის მზად არ ვიქნებოდი, მაგრამ მთელი ამ სამწვრთნელო ბანაკის განმავლობაში კონცენტრირებული ვიყავი იმაზე, რომ უკეთესი მებრძოლი გავმხდარიყავი.“
„ვიცი ჩემი მეტოქის შესაძლებლობები და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მას, როგორც მებრძოლს, პატივს ვცემ. ეს კი მაიძულებს, რომ უფრო და უფრო მეტად ვიშრომო. ყოველდღიურად საკმაოდ ბევრს ვშრომობდი და ამიტომ, ახლა ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვარ.“
„ბუნებრივია, გამარჯვება ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ეს მნიშვნელოვანია ჩემი ოჯახისთვის, ახლობელი ადამიანებისთვის და ასევე, ეს ემსახურება ჩვენი პრომოუშენის პოპულარიზაციასაც. მაგრამ ჩემი მთავარი პრინციპია, გავაკეთო ეს ყველაფერი ოჯახისთვის და უახლოესი ადამიანებისთვის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მინდა, გავაგრძელო იმის კეთება, რასაც აქამდე ვაკეთებდი: გავხდე უკეთესი ადამიანი, უკეთესი მებრძოლი, უკეთესი მწვრთნელი... მინდა, რომ ყველაფერში უკეთესი ვიყო და როდესაც უკან მოვიხედავ, ვთქვა: „დღეს უფრო უკეთესი ვარ, ვიდრე გუშინ ვიყავი“. ეს არის ჩემი მიზანი.“
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე თოფურია UFC-ში მეორე შეხვედრას მიმდინარე კვირის შაბათს, კატარის დედაქალაქ დოჰაში, ბეკზატ ალმახანის წინააღმდეგ გამართავს.