ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

„მომზადებამ კარგად ჩაიარა, ახლა საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანო“ - ალექსანდრე თოფურია

22 ნოემბერს ალექსანდრე თოფურია UFC-ში თავის მეორე ბრძოლას გამართავს. ყაზახ ბეკზატ ალმახანთან დაპირისპირებამდე რამდენიმე დღით ადრე კი „ელ კონკისტადორმა“ ესპანურ AS-თან ინტერვიუში მზადების პროცესის ბოლო დღეებზე და ჩხუბთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა.

„მადლობა ღმერთს, თავს კარგად ვგრძნობ. ბუნებრივია, წონის კლების პროცესს თავისი ნიუანსები ახლავს, მაგრამ ყველაფერი კარგადაა. მომზადების პროცესში რისი გაკეთებაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე, ახლა საქმე უნდა დავასრულო.

მოსამზადებელი პროცესი ჩვეული გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა, არაფერი შეგვიცვლია. მცირე დეტალების გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება და ეს ასეც ხდება, მაგრამ კარდინალურად არაფერი შეცვლილა.

ბეკზატ ალმახანზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ პირადად მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ის უბრალოდ მორიგი მეტოქეა, რომელთან ჩხუბშიც ჩემი სამუშაო მაქვს გასაკეთებელი. ყველა მებრძოლს აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. ალმახან ძლიერია როგორც სტრაიკინგში, ისე პარტერში და მას საუკეთესო უნარების დემონსტრირების საშუალება არ უნდა მივცე. ნებისმიერი სცენარისთვის ვარ მზად, იმიტომ რომ არავინ იცის, რა მოხდება ოქტაგონში და როგორ წავა ჩხუბი.

ვფიქრობ, დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ UFC-ის შემდეგი მეტოქე ტოპ 15-დან უნდა შემირჩიოს, თუმცა გადაწყვეტილებას იღებს პრომოუშენი და არა მებრძოლი. რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, მან თქვა, რომ თუ მე კონტენდერი ვიქნები და ქამარი ჯერ კიდევ მას ექნება, ის ტიტულს დათმობს და კარიერის გაგრძელების სხვა გზებს მოძებნის. მეც იმავე აზრზე ვარ - მასთან ერთად ოქტაგონში ვერ შევალ, ეს შეუძლებელია. თუმცა აქამდე ჯერ გრძელი გზაა. იმედია, როდესაც ამ ეტაპამდე მივალ, ის ჯერ კიდევ ჩემპიონი იქნება - მერე კი გამოსავალს აუცილებლად მოვძებნით“.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე თოფურია და ბეკზატ ალმახანი ერთმანეთს 22 ნოემბერს კატარში დაუპირისპირდებიან. „ელ კონკისტადორისთვის“ ეს ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში მეორე ბრძოლა იქნება - სადებიუტო ჩხუბში მან ავსტრალიელ კოლბი თიქნესს მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო.

რაც შეეხება ალექსანდრეს მეტოქეს, ალმახანი 28 წლისაა და MMA-ში 12 მოგება და 2 წაგება აქვს (UFC-ში 1-1).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მახაჩევი ილიას ასე მარტივად ვერ მოუგებს“ - არმან ცარუკიანი
„მახაჩევი ილიას ასე მარტივად ვერ მოუგებს“ - არმან ცარუკიანი