გოლები აღარ გაიტანო | ბარსელონას უცნაური თხოვნა ლევანდოვსკის
რობერტ ლევანდოვსკის ბიოგრაფიის ავტორმა, სებასტიან სტასჟევსკიმ, საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც 2022/23 სეზონს და „ბარსელონას“ ეხება. მისი თქმით, პოლონელმა თავდამსხმელმა კლუბისგან სრულიად მოულოდნელი თხოვნა მიიღო — გოლების გატანა შეეწყვიტა.
„ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ლევანდოვსკის სთხოვეს, გოლები აღარ გაეტანა. რობერტი შოკირებული და გაკვირვებული იყო — მის კარიერაში მსგავსი არაფერი მომხდარა. მოგვიანებით კი გაანალიზა, თუ რატომ გადადგა კლუბმა ასეთი ნაბიჯი.
ბარსელონას არ უნდოდა, ბაიერნისთვის 2.5 მილიონი ევრო გადაეხადა, ლევანდოვსკის თხოვნით სწორედ ამიტომ მიმართა. რობერტს დაახლოებით ხუთი ადამიანი დაუკავშირდა და სთხოვეს, აღარ გაეტანა,“ - განაცხადა სტასჟევსკიმ.
როგორც ირკვევა, „ბარსელონამ“ ლევანდოვსკის თხოვნით მაშინ მიმართა, როდესაც პოლონელის ანგარიშზე 23 გოლი იყო. „ბლაუგრანას“ ლა ლიგის ტიტული განაღდებული ჰქონდა და „ლევა“ 25 გოლზე რომ ასულიყო, კატალონიელებს „ბაიერნისთვის“ ბონუსი უნდა გადაეხადათ. დარჩენილ ორ შეხვედრაში ლევანდოვსკის გოლი არ გაუტანია.