„ჩემი და ილიას თრეშთოქი? ეს ყველაფერი მედიისთვის კეთდება“ - ცარუკიანი
კატარის დედაქალაქ დოჰაში დენ ჰუკერთან დაგეგმილ ჩხუბამდე რამდენიმე დღით ადრე UFC-ის მედიადღის ფარგლებში მსუბუქი წონის მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა მასსა და წონის მოქმედ ჩემპიონს, ილია თოფურიას შორის სოციალურ ქსელებსა თუ ინტერვიუებში ერთმანეთის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა.
- შენ და ილია საქართველოდან ხართ, ხომ არ გეჩვენება უხერხულად ის „თრეშთოქი“, რომელსაც თქვენ შორის აქვს ადგილი?
არა, ეს უბრალოდ მედიისთვის კეთდება. ჩემთვის სულ ერთია, ვინ იქნება მსუბუქი წონის ჩემპიონი - ილია თუ ვინმე სხვა. ჩემი მიზანი ჩემპიონობაა და არა კონკრეტულად მასთან ჩხუბი. რა თქმა უნდა, ქართველებს სურთ, რომ ილია იყოს ჩემპიონი, სომხებს კი ჩემი ჩემპიონობა სურთ. გარდა ამისა, საქართველოში ბევრი სომეხი ცხოვრობს, იქ ნათესავებიც მყავს. შესაძლოა ქართველების 10-15 პროცენტსაც ჩემი ჩემპიონობა უნდოდეს.
- მზად იქნები თუ არა იანვარში საჩხუბრად, თუ ჰუკერთან ბრძოლამ შენთვის კარგად ჩაიარა?
რა თქმა უნდა, თუ ჰუკერთან ჩხუბი ტრავმების გარეშე ჩაივლის და სატიტულო ჩხუბს შემომთავაზებენ, უარს არ ვიტყვი. ახლა უკვე ვიცი, რომ ასეთ შესაძლებლობებზე უარი არ უნდა თქვა. ქამრისთვის ჩხუბი შესაძლოა კარიერის განმავლობაში ერთხელ შემოგთავაზონ. ამის თაობაზე დენა უაითს უნდა ჰკითხოთ, თუმცა არ გამიკვირდება, რომ სატიტულო ჩხუბი პედი პიმბლეტმა მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ 22 ნოემბერს არმან ცარუკიანი დოჰაში დენ ჰუკერს დაუპირისპირდება და კარიერაში 23-ე გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.
რაც შეეხება ილია თოფურიას, მისი მომდევნო ბრძოლის თარიღი და სავარაუდო მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. „ელ მატადორმა“ მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული მიმდინარე წლის ივნისში, ჩარლზ ოლივეირასთან ჩხუბში მოიპოვა.