ძალიან მონდომებულია | ნიუკასლის მწვრთნელმა სალია შეაქო
„ნიუკასლის'' ქართველი ფეხბურთელი ვახო სალია მოედანს დეკემბრის ბოლოს ან იანვარში დაუბრუნდება. სალია ბოლო სამი თვის განმავლობაში "კაჭკაჭების" სამედიცინო პერსონალთან ერთად მუშაობს, „ნიუკასლის'' 21-წლამდე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ადამ ლოურენსმა შეაქო მისი გულმოდგინე მიდგომის გამო. როგორც Newcastle Chronicle წერს, ტრავმამ შეაფერხა მისი მცდელობა, ჩრდილო-აღმოსავლეთში ცხოვრებას შეგუებოდა როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.
ადამ ლოურენსი: „მას კარგი პროგრესი აქვს. ყველა ძალიან დამწუხრდა, როცა კლუბში მოსვლისთანავე ტრავმა მიიღო. სათამაშო მოედანზე არ მინახავს, მაგრამ სავარჯიშო ბაზაზე თავისი ქცევით ამტკიცებს, რომ შესანიშნავი ახალგაზრდაა. დარწმუნებული ვარ, შინაგანად ძალიან უჭირდა, თუმცა ეს არ შეიმჩნია და პოზიტიური განწყობა შეინარჩუნა.
სამედიცინო და სპორტული მეცნიერების შტაბი ვარაუდობს, რომ დეკემბრის ბოლოს ან იანვარში შეძლებს გუნდთან ერთად ვარჯიშს და ფიზიკური კონდიციების აღდგენას, თუმცა პროცესს კვირიდან კვირამდე ვაკვირდებით. მოვლენებს რომ არ გავუსწროთ, ის გეგმას მიჰყვება, რეაბილიტაციის პროცესში კარგი პროგრესი აქვს, ძალიან მონდომებულია“.
18 წლის შემტევს, რომელიც თბილისის „დინამოს'' აკადემიის აღზრდილია, „კაჭკაჭებთან'' კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ი 800 000 ევროდ აფასებს.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ყველა მატჩი გამოტოვა, მისი არყოფნა რამაზ სვანაძის გუნდისთვის დიდი დანაკლისი იყო.