ტოპ 5-ში ისე მოხვდა არ უჩხუბია | პედი პიმბლეტის აღმასვლა
UFC 322-ის შემდეგ საბრძოლო ორგანიზაციის რეიტინგები განახლდა და ილია თოფურიას ერთ-ერთ პოტენციურ მეტოქეს, პედი პიმბლეტს, პროგრესი აქვს. „ბედი“ ტოპ 5-ში შევიდა — მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელ მებრძოლს ჩხუბი არ ჩაუტარებია.
პიმბლეტმა ბოლო ბრძოლა მაიკლ ჩენდლერთან გამართა და გამარჯვების შემდეგ მეთორმეტე ადგილიდან მერვეზე გადაინაცვლა. ეს აპრილში მოხდა, მას შემდეგ კი პიმბლეტს ერთხელაც არ უჩხუბია, თუმცა ახლა ტოპ 5-ში აღმოჩნდა. აღნიშნულს მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლები, არმან ცარუკიანი და დენ ჰუკერი გამოეხმაურნენ.
„ჯანდაბა... ეს რანაირად მოხდა? ალბათ, მისთვის საჩემპიონო ორთაბრძოლის მიცემა უნდათ. ამას მიზანმიმართულად აკეთებენ, რომ ტიტულისთვის იჩხუბოს,“ — განაცხადა ჰუკერმა.
„პიმბლეტი ტოპ 15-შიც არ უნდა იყოს, რადგან ეს არ დაუმსახურებია. მაიკლ ჩენდლერი დაამარცხა, რომელსაც მასთან ჩხუბამდე ორი წაგება ჰქონდა. მანამდე ტონი ფერგიუსონს მოუგო, რომელსაც ზედიზედ რვა წაგება ჰქონდა. სიგიჟეა — და ეს ბიჭი უნდათ საჩემპიონო ბრძოლისთვის?“ — აღნიშნა ცარუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ პიმბლეტს კარიერაში გამართული 26 ბრძოლიდან 23 მოგებული აქვს და სამჯერ დამარცხდა. უცხოურ პრესაში იწერება, რომ დიდი შანსია, „ელ მატადორის“ მომდევნო მეტოქე სწორედ ის იყოს.