ბარსელონა კეინის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს იწყებს
„ბარსელონა“ 2026/27 წლების სეზონისთვის ლევანდოვსკის შემცვლელს ეძებს. კლუბი რამდენიმე ტოპ ფორვარდს აკვირდება. კატალონიელები ხულიან ალვარესითაც არიან დაინტერესებულნი, თუმცა მისი ფასი შეიძლება გაბერილი აღმოჩნდეს.
ესპანური Mundo Deportivo წერს, რომ „ბარსას“ მთავარი სამიზნე ჰარი კეინი იქნება, რომელიც ლევანდოვსკის შეცვლის.
ფაბრიციო რომანო კი წერს, რომ „ბარსელონა“ 2026 წელს ჰარი კეინის დამატებაზე შიდა მოლაპარაკებებს იწყებს.
კლუბი პარალელურად აანალიზებს საკუთარი ფეხბურთელების თამაშის ხარისხს და სატრანსფერო ბაზარს, რათა ზაფხულში გასატარებელი საჭიროებები და მათი პოტენციური ღირებულება განსაზღვროს.
მთავარი მიზანია ცენტრალური თავდამსხმელი: ეს განპირობებულია იმით, რომ რობერტ ლევანდოვსკის კონტრაქტს ვადა ეწურება და ის 2026 წლის აგვისტოში 38 წლის გახდება.
ნებისმიერ შემთხვევაში, „ბარსას“ მომავალი სეზონის სატრანსფერო მიზნებთან დაკავშირებით მყარი გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღია. ამ საკითხების სერიოზული განხილვა იანვრიდან დაიწყება.
კლუბის ფინანსური დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ თუ სპორტული დეპარტამენტი მოითხოვს, ტოპ-კლასის თავდამსხმელის დამატება შესაძლებელია, თუმცა ეს დამოკიდებულია ლევანდოვსკის წასვლაზე, რადგან მისი ხელფასი კლუბის ფინანსებზე 40 მილიონი ევროს გავლენას ახდენს.
რამდენიმე დღის წინ, The Guardian-ი წერდა, რომ რომ „ბარსელონა“ მზადაა გააქტიუროს კეინის გამოსასყიდი პუნქტი 57 მილიონი ფუნტის (64,5 მილიონ ევროზე მეტი) ოდენობით. 32 წლის ინგლისელ ფორვარდს „რეკორდმაისტერთან“ ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში უსრულდება. თუ, მიმდინარე სეზონის ბოლოს მხარეები ვერ შეთანხმდებიან და მისი კონტრაქტი არ გახანგრძლივდება, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ჰარის კლუბის დატოვება მოუწევს, რადგან ერთი წლის შემდეგ მისი უფასოდ დაკარგვა „ბაიერნის“ გეგმებში არ შედის.
ასევე ნათელი ხდება, რომ, თუ შესაძლებელია, სასარგებლო იქნება მარცხენა მცველის პოზიციის გაძლიერება, რათა ბალდეს ძლიერი ალტერნატივა ჰყავდეს. როგორც Mundo წერს, კლუბი ალექს გრიმალდოს აკვირდება.