ფერნანდინიომ კარიერა დაასრულა
ფერნანდინიომ 40 წლის ასაკში კარიერის დასრულება გამოაცხადა.
„მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა ნახევარმცველმა თქვა, რომ პროფესიული კარიერა დაასრულა.
„დავიღალე. დღეს [საქველმოქმედო მატჩის დროს] 30-წუთიანი სირბილის შემდეგ, გამოფიტული ვარ. ფეხბურთში აღარაფერი მაძლევს მოტივაციას, მასში უკვე ბევრს მივაღწიე. ვისიამოვნე ყველაფრით, რითაც შემეძლო. ახლა დროა, ოჯახთან ერთად დროით დავტკბე“, – თქვა 40 წლის ბრაზილიელმა.
ფერნანდინიო ცნობილია „მანჩესტერ სიტიში“, „შახტარში“, „ატლეტიკო პარანაენსესა“ და ბრაზილიის ნაკრებში თამაშით. ის ხუთჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი და ექვსჯერ - უკრაინის ჩემპიონი.
„შახტარის“ შემადგენლობაში საყრდენმა ნახევარმცველმა უეფას თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) მოიგო, „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ნაკრებთან ერთად ბრაზილიელმა კოპა ამერიკა მოიგო.
ფერნანდინიოს 2024 წლის დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია, მაშინ ის „ატლეტიკო პარანაენსეში“ ასპარეზობდა.