მეორე გამარჯვება ევრობასკეტზე | 18-წლამდე ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა
საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის B დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. აზერბაიჯანის შემდეგ ჩვენი გუნდი უკრაინას დაუპირისპირდა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა - 93:72.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველი მეოთხედი 25:17 მოიგო, დიდ შესვენებაზე კი ანგარიში 47:41 გახლდათ. 18-წლამდელებმა მეორე ტაიმი უკეთესად ჩაატარეს და მესამე პერიოდი 3 ქულით (20:17), ხოლო მეოთხე მეოთხედი 12 ქულით (26:14) მოიგეს.
საქართველოს 18-წლამდე ნაკრების რიგებში საუკეთესონი მათე ხატიაშვილი და ლუკა ტაბაღუა იყვნენ. ხატიაშვილმა 27 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა და 3 მოხსნა მიითვალა, ტაბაღუას კი 27 ქულა, 5 მოხსნა და 3 ასისტი ჰქონდა. გიორგი ჭრიკაძემ მატჩი 14 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა.
ცნობისთვის, ჩვენს ნაკრებს 2 მოგება და 2 წაგება აქვს და ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში რუმინეთს დაუპირისპირდება. მატჩი 30 ივლისს, თბილისის დროით, 19:00-ზე დაიწყება.