ბოლო ფაზაში არასწორად ვმოქმედებდით | კორღალიძის შეფასება
UEFA-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერიამ’’ შინ „ლევადიას’’ 2:1 მოუგო, ორი მატჩის ჯამში ანგარიში 2:2 იყო, დამატებითი დრო დაინიშნა, სტუმრებმა 1 გოლი გაიტანეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ, ორი მატჩის ჯამში კურო ტორესის გაწვრთნილმა „ლევადიამ'' 3:2 მოიგო (ვრცლად).
მატჩის შემდეგ „იბერიას'' მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ მთავარ პრობლემად მომენტების გამოუყენებლობა, ბოლო ფაზაში არასწორი გადაწყვეტილებების მიღება დაასახელა.
ლევან კორღალიძე: „ძალიან სამწუხაროა, რომ ორმატჩიანი დაპირისპირება დავთმეთ. სათქმელი ბევრი არაფერია... ხასიათი უფრო მეტად უნდა გამოგვევლინა. ბოლოს უკვე დაღლაც დაგვეტყო. საგოლე შანსებიც რეალიზაციის პრობლემა ორივე შეხვედრაში გვქონდა. დასანანია... ბევრი რამ გამოსასწორებელი გვაქვს. დამამთავრებელ ფაზაში არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით. პირველ მატჩშიც იგივე პრობლემა გვქონდა. მეორე მატჩშიც ამ პრობლემის წინაშე დავდექით, მომენტების გამოუყენებლობას ვგულისხმობ. ახლა ვერაფერს ვიზამთ... ძალიან სამწუხაროა’’.
სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონმა „იბერიამ'' ახალ სეზონში ევროტურნირზე ერთი ეტაპიც ვერ გაიარა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „მალმიოსთან'' დამარცხდა, შემდეგ კონფერენს ლიგაზე გადაერთო და კურო ტორესის გაწვრთნილმა „ლევადიამ'' აჯობა. „ლევადიასთან'' მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ლევან კორღალიძემ განაცხადა, რომ კონფერენს ლიგიდან გამოთიშვის შემთხვევაში კლუბის ხელმძღვანელებთან მომავალზე იმსჯელებდა და შემდეგ გადაწყდება დარჩება გუნდში თუ გუნდს დატოვებს.